თიბისის დამფუძნებელის, მამუკა ხაზარაძის თქმით, გუგუტიანთკარში გივი რაზმაძის ოჯახს, რომლის სახლიც საოკუპაციო ხაზს მიღმა მოხვდა, უახლოს ერთ თვეში ახალი სახლი ექნება. ამის შესახებ ხაზარაძე Facebook-ზე წერს.

ხაზარაძე ქართულ ბიზნესს მოუწოდებს, იქ მცხოვრებ ადამიანებს დაეხმარონ.

"რუსული მცოცავი ოკუპაცია ყოველდღიურად გვართმევს სამშობლოს ნაწილს. ეს არის ბრძოლა ყოველი გოჯი ქართული მიწისთვის, ამ ომს თავისი გმირები ჰყავს — იქ მცხოვრები ადამიანები, რომლებიც შიშველი ხელებით ცდილობენ საკუთარი ოჯახების და ქართული მიწის დაცვას. დღეს მათ სახლი წაართვეს, რომელიც უკვე ოკუპირებულ 20 პროცენტს მიემატა. ამ ოჯახებმა ისევ უნდა იცხოვრონ თავიანთ მიწაზე, სადაც ახლა მავთულხლართებს ავლებენ რუსი ჯარისკაცები. ჩვენი მოვალეობაა მათთან ერთად ვიდგეთ. ამიტომ გუგუტიანთკარში გივი რაზმაძის ოჯახს უახლოეს ერთ თვეში ახალი სახლი ექნება. ქართული კერა არ მოიშლება, ამ ომს ჩვენ მოვიგებთ, საქართველო გაერთიანდება!" — წერს ხაზარაძე.

15 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის გავლების უკანონო პროცესი განაახლა. საქართველოს მოქალაქეების, რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების ნაკვეთებში რუსი სამხედროები ძელებს არჭობდნენ. ეს ოჯახები სწორედ ამ მიწის ნაკვეთებს ამუშავებდნენ და მოსავალი მოჰყავდათ. შესაძლოა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდეს სოფლის მთავარი სარწყავი არხიც. შედეგად, ადგილობრივები წყლის გარეშე დარჩებიან. გორის საკრებულოს წარმომადგენელმა თქვა, რომ ამ საკითხზე რუს სამხედროებს ესაუბრა, რომლებმაც უთხრეს, რომ წყლის რეზერვუარს საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე არ მოაქცევდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში On.ge-ს უთხრეს, რომ ორჯერ გაააქტიურეს ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ამავე სოფელში მავთულხლართების გაბმა დაიწყეს 7 აგვისტოსაც, მოგვიანებით კი სამუშაოები შეწყდა, ოთხი დღის შემდეგ კი ისევ განახლდა.

ამავე თემაზე: