გადაცემა სხვა შუაღამის პროდიუსერებმა, სალომე ბენაშვილმა და თამარ ჩანტლაძემ რუსთავი 2 დატოვეს. ამის შესახებ ჩანტლაძემ On.ge-ს დაუდასტურა.

ტელეკომპანია დატოვა ჟურნალისტების უმრავლესობამ, ასევე, გადაცემა კვირის სხვა შუადღის ოთხივე წამყვანმა. გუშინ, 20 აგვისტოს ქიბარ ხალვაშის მიერ რუსთავის 2-ის გადაფორმებიდან ერთი თვის თავზე არხიდან გაათავისუფლეს საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე. შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ კი გაათავისუფლებენ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ტოქ-შოუს მთავარ პროდიუსერს გიორგი ლაფერაშვილს; პოლიტიკური გადაცემების წამყვანებს, გიორგი გაბუნიასა და ეკა კვესიტაძეს და გასართობი გადაცემის ავტორსა და წამყვანს ნანუკა ჟორჟოლიანს. ახალმა დირექტორმა, პაატა სალიამ მათი გათავისუფლების მიზეზად "ინტერესთა კონფლიქტი" და "შიდა ომები" დაასახელა.

პროტესტის ნიშნად არხიდან წავიდნენ დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანები. არხზე ამ დრომდე არ გასულა საინფორმაციო გამოშვება და ვებგვერდზე არ იდება ნიუსებიც.