მწერალი და ჟურნალისტი, ბრიჯიტ შოლთი, იმ ისტორიულად დამკვიდრებულ ნორმებსა და მიზეზებს მიმოიხილავს, რომლებიც ქალებს შემოქმედებით სფეროში თვითრეალიზაციის საშუალებას დღემდე ართმევენ.

რამდენიმე თვის წინ, როდესაც გადატვირთული გრაფიკის პირობებში წერისათვის დროის გამოძებნას უშედეგოდ ვცდილობდი, კოლეგამ დიდი ხელოვანების ყოველდღიური რიტუალების შესახებ წიგნის წაკითხვა მირჩია. თუმცა, ნანატრი ინსპირაციის ძებნისას, კითხვის დროს ჩემი ყურადღება ამ შემოქმედებითი გენიოსების - ძირითადად კაცების - ყოფითი განრიგისა და რუტინის მაგივრად მათ ცხოვრებაში არსებულმა ქალებმა მიიპყრო.

გენიოსთა ცოლები ზრუნავდნენ, რომ მათი ქმრებისთვის ხელი არავის და არაფერს შეეშალა; დიასახლისებსა და მოახლეებს მათთვის საუზმე და ყავა უთქმელად მიჰქონდათ; ძიძები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ისინი ბავშვებს არ შეეწუხებინათ. მართა ბერნეისი ზიგმუნდ ფროიდს ყოველ დილით არა მხოლოდ იმ დღისთვის განკუთვნილ ტანისამოსს უფენდა საწოლზე, არამედ კბილის პასტასაც კი თავად უდებდა ჯაგრისზე. მარსელ პრუსტს დიასახლისი, სელესტი, გარდა იმისა, რომ ყოველდღე ვერცხლის თასით მიართმევდა ყავას, კრუასანს, წერილებსა და გაზეთს, ამასთან, იმისთვისაც მზად იყო, როცა კი მწერალს საუბარი მოუნდებოდა, საათობით ელაპარაკა მასთან. ზოგიერთ ქალზე წიგნში მხოლოდ იმიტომ იყო მოთხრობილი, რომ მკითხველს გაეგო, რისი ატანა უხდებოდა მას. მაგალითად, კარლ მარქსის მეუღლე, რომლის სახელი წიგნში ნახსენებიც კი არ არის, ექვსიდან სამ გადარჩენილ ბავშვთან ერთად სიღატაკეში ცხოვრობდა, მაშინ, როცა მისი ქმარი დღეებს ბრიტანეთის მუზეუმში წერაში ატარებდა.

გუსტავ მალერმა ახალგაზრდა პერსპექტიული კომპოზიტორი ქალი, სახელად ალმა, შეირთო ცოლად, მოგვიანებით კი მას მუსიკის წერა აუკრძალა იმ მიზეზით, რომ ოჯახში მხოლოდ ერთი კომპოზიტორის ადგილი იყო. სანაცვლოდ მას სახლში სრული სიჩუმის დამყარება დაევალა, რათა მალერს ხელი არაფერში შეშლოდა. შუადღის ცურვის შემდეგ ქმარი ალმას სტვენით უხმობდა თავისთან, რათა სიჩუმეში საათების განმავლობაში ერთად ესეირნათ, სანამ ის თავში კომპოზიციებს ქმნიდა. ქალი საათობით იჯდა ხან სკამზე, ხანაც ბალახზე და მალერის შეწუხებას ვერ ბედავდა. "საოცარ წნეხს განვიცდი", - წერდა ალმა თავის დღიურში, - "და განწირული ველოდები, რომ ვინმე ჩემზეც იფიქრებს და საკუთარი თავის პოვნაში დამეხმარება. უბრალო დიასახლისის ყოფამდე დავეშვი!"

ფოტო: Mikyung ee

განსხვავებით კაცი ხელოვანებისაგან, რომლებიც ისე ცხოვრობდნენ, თითქოს საკუთარი თავისთვის უწყვეტი დროის ქონა დაბადებიდან მინიჭებული პრივილეგია იყო, წიგნში განხილული თითებზე ჩამოსათვლელი ქალი არტისტების ნიჭი ხშირად იბოჭებოდა, რადგან მათგან სახლის მოვლასა და ოჯახზე ზრუნვასაც მოელოდნენ. ჟორჟ სანდი ყოველთვის გვიან ღამით მუშაობას ამჯობინებდა. ეს ჩვევა მას მერე გამოუმუშავდა, რაც მოზარდობის პერიოდში ბებიაზე ზრუნვა მოუწია. ფრანსინ პროუზისთვის წერისთვის განკუთვნილი დრო შვილების სკოლაში წასვლითა და მათი უკან დაბრუნებით შემოიფარგლებოდა. კანადელი პროზაიკოსი, ელის მარნო ნაკუწებში წერდა, დიასახლისობისა და ბავშვების მოვლის მოვალეობების ქონისას როგორ ცდილობდა, რამენაირად თავისუფალი დრო გამოენახა. მაია ანჯელოუ კი ყოფითი საქმეებისაგან გასათავისუფლებლად სახლს საერთოდ ტოვებდა და მოშორებით არსებულ სასტუმროს სადა ოთახში იკეტებოდა, რათა ხელის შეუშლელად ეფიქრა, ეკითხა და ეწერა.

ენტონი ტროლოპმაც კი, რომელიც, როგორც ცნობილია, ყოველი დილის რვა საათამდე 2000 სიტყვის დაწერას ახერხებდა, ეს ჩვევა, დიდი ალბათობით, დედისაგან გადაიღო. დედამისმა წერა 53 წლის ასაკში დაიწყო, რათა ავადმყოფი ქმრისა და ექვსი ბავშვის შენახვა შესძლებოდა. ის ყოველდღე დილის ოთხ საათზე დგებოდა, რომ სამუშაოს შესრულებასთან ერთად ოჯახისთვის საუზმის მომზადებაც მოესწრო.

ყოველ იმ წიგნზე, ნახატზე, მუსიკაზე, სამეცნიერო აღმოჩენასა თუ ფილოსოფიურ ნააზრევზე მეფიქრება, რომელსაც სკოლაში მასწავლიდნენ - თითქმის ყველა მათგანის ავტორი კაცი იყო. დირიჟორმა ზუბინ მეტამ ერთხელ თქვა: "მე, უბრალოდ, არ მგონია, რომ ქალების ორკესტრში ყოფნა გამართლებულია", - ანუ ქალებს ამისათვის საკმარისი ნიჭი და ტემპერამენტი არ გააჩნიათო (პრაქტიკამ, რომლის დროსაც ორკესტრის წევრებს კონკურსანტთა დაუნახავად არჩევენ, ამ მოსაზრებას ბოლო მოუღო). მახსენდება პატი სქელფას ინტერვიუც, სადაც ის საუბრობდა, რამდენად გაუჭირდა სოლო ალბომისათვის მუსიკის შექმნა, რადგან შვილები გამუდმებით ხელს უშლიდნენ და მისგან უწყვეტ ყურადღებას მოითხოვდნენ, მაშინ, როცა მათ მამას, ბრიუს სპრინგსტინს, იმავეს ვერასდროს გაუბედავდნენ. და მე ვხვდები: საქმე ის კი არაა, რომ ქალები საკმარისად კარგები არ იყვნენ იმისთვის, რომ იდეებისა და ხელოვნების სამყაროში საკუთარი კვალი დაეტოვებინათ - მათ, უბრალოდ, ამისათვის საკმარისი დრო არ ჰქონიათ.

ფოტო: Mikyung Lee

ქალების დროში ისტორიის მანძილზე ეჩრებოდნენ და მას გამუდმებით ანაწევრებდნენ. მათი ცხოვრების რიტმი სახლის დაუსრულებელი საქმეებით, ბავშვების მოვლითა და ოჯახზე ზრუნვით განისაზღვრებოდა. თუ წარმატებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების შეძენისათვის საკუთარ თავთან ხანგრძლივი დროით განმარტოებაა საჭირო, რათა ხელის შეუშლელად კონცენტრირდე საქმეზე, ეს სწორედ ის ფუფუნებაა, რომელსაც ქალები ვერც კი ინატრებდნენ - ყოველ შემთხვევაში, გაკრიტიკებისა და ეგოისტად ცნობის გარეშე.

დღესაც კი, როდესაც მსოფლიოში უამრავი ქალია დასაქმებული, ისინი მაინც კაცებზე მინიმუმ ორჯერ მეტ დროს ხარჯავენ სახლის საქმეებსა და ბავშვების მოვლაზე და ხშირად - ამაზე ბევრად მეტსაც. ლოს-ანჯელესში 32 ოჯახის მონაწილეობით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დედების უწყვეტი დასვენების ხანგრძლივობა, საშუალოდ, არა უმეტეს ათ წუთს გრძელდებოდა. აკადემიკოსების ყოველდღიური ცხოვრების შესწავლისას, სოციოლოგმა ჯოია მისრამ და მისმა კოლეგებმა დაადგინეს, რომ, როგორც კი ანაზღაურების არმქონე სახლის საქმეებსაც გაითვალისწინებდი, ქალი პროფესორების სამუშაო დღეები გაცილებით გრძელი გამოდიოდა, ვიდრე - მათი კაცი კოლეგებისა. ამის მიუხედავად, მკვლევარმა აღმოაჩინა, რომ მისი დაკვირვების ქვეშ მყოფი ქალები და კაცები ანაზღაურებად სამუშაოს დაახლოებით თანაბარ დროს ახარჯავდნენ. მაგრამ სამსახურშიც კი ქალების დრო სამომსახურეო, სამენტორო და სამრწვთნელო დავალებებით იყო დანაკუწებულ-დანაწევრებული. კაცები კი საკუთარ სამუშაო დღეებს ყველანაირი ხელის შეშლის გარეშე ატარებდნენ. მათ საშუალება ჰქონდათ, შეუფერხებლად ეფიქრათ, ეკვლიათ, ეწერათ, შეექმნათ და ექვეყნებინათ - მოკლედ რომ ვთქვათ, სახელის, კარიერული წინსვლისა და თავიანთი იდეების სამყაროსთვის გაცნობისათვის ეზრუნათ.

ტორსტეინ ვებლენი წარმატებული კლასის თეორიაში წერდა, რომ ისტორიის მანძილზე ადამიანები, რომლებსაც არჩევნის გაკეთებისა და დროის კონტროლის შესაძლებლობა ჰქონდათ, ყველანი მაღალი სოციალური სტატუსის მქონე კაცები იყვნენ. მან ქალების შესახებ ნაშრომის მეორე გვერდზე, მოსამსახურეებსა და მონებზე საუბრისას, გაკვრით აღნიშნა - მათი პასუხისმგებლობა ყოველთვის მხოლოდ იმაზე ზრუნვა იყო, რომ მაღალი სტატუსის მქონე კაცებს თავიანთი დიადი აზრების თავისუფლად განვითარების საშუალება ჰქონოდათო. ფემინისტი მკვლევრები ამბობენ, რომ ქალებს უმეტესად და საუკეთესო შემთხვევაში უჩინარი დასვენების ფუფუნება ჰქონდათ, რაც სასიამოვნო, მაგრამ ყოველთვის პროდუქტიულ და სოციალურად სანქცირებულ საქმიანობებს - კერვის საღამოებს, კონსერვების ერთობლივი მოხუფვის ან მკითხველთა კლუბების შეკრებებს - მოიაზრებდა. წმინდა წყლის დასვენება - უბრალოდ, საკუთარი თავისთვის დროის გამოყოფა კი საზოგადოების მიერ დაწესებულ ნორმებზე რადიკალური და დივერსიული გალაშქრების ტოლფასი იყო და დიდ გამბედაობას მოითხოვდა. ამ საკითხზე ერთ-ერთი მკვლევარი ხუმრობით აღნიშნავს, რომ უფრო მარტივი იქნებოდა, თუ მწერლის, კომპოზიტორის, ფილოსოფოსისა და მისტიკოსის - ჰილდეგარდ ბინგენელის მსგავსად, მონაზვნად აღიკვეცებოდი.

ფოტო: Mikyung Lee

ფემინისტმა მკვლევრებმა აგრეთვე დაადგინეს, რომ ბევრი ქალი სულაც არ ფიქრობს, რომ საკუთარი თავისთვის დროის ქონის უფლება ისევე აქვს, როგორც - კაცებს. მათ ჰგონიათ, რომ მსგავსი ფუფუნება უნდა დაიმსახურონ. და თავისუფალი დროის მოპოვების ერთადერთი გზა დღიურად შესასრულებელი საქმეების მოლევაა, რომელიც, რეალურად, არასოდეს მთავრდება. მელინდა გეითსი თავის ახალ წიგნში წერს, რომ სახლის სამუშაო ცხოვრებისეულ ოცნებებს კლავს. მართლაც, ამ სტატიის მოსამზადებლად საჭირო დროის გამოყოფას ოთხ თვეზე მეტხანს ვცდილობდი. ყოველ ჯერზე, როდესაც საქმის გასაკეთებლად დავჯდებოდი, ჩემი ქმრისაგან, ვაჟისა თუ ქალიშვილისაგან დაუსრულებელი, პანიკური ზარები და შეტყობინებები შემომდიოდა. მეხმიანებოდა დედაჩემიც, რომელიც ახლადდაქვრივებულთათვის შესავსებ უსასრულო დოკუმენტებთან და საკუთარ გრძნობებთან გამკლავებას ცდილობდა; მწერდნენ საკრედიტო ბარათების კომპანიები; ან სულაც მექანიკოსი მატყობინებდა რაიმე საგანგებო სიტუაციის შესახებ, რომელიც გარკვეული კატასტროფის თავიდან ასაცილებლად ჩემს დაუყოვნებლივ ყურადღებას მოითხოვდა.

მახსენდება ინტერვიუ მიჰაი ჩიკსენთმიჰაისგან, რომელიც დინების მდგომარეობის აღმოჩენით გახდა ცნობილი. ეს ის მდგომარეობაა, როდესაც ადამიანი შესასრულებელი მნიშვნელოვანი საქმით იმდენადაა გატაცებული, რომ სხვას ვეღარაფერს აქცევს ყურადღებას და მისთვის დროც კი უჩინარდება. მხატვრებისა და მოაზროვნეების თქმით, ნებისმიერი ღირებული რაიმის შექმნისთვის სწორედ ამ მდგომარეობის მიღწევაა აუცილებელი. მე მას ვკითხე, ის ხომ არ გამოუკვლევია, ქალებსაც თუ ჰქონდათ დინების მდგომარეობაში შესვლის ისეთივე შესაძლებლობა, როგორიც - კაცებს. ის ცოტა ხნით ჩაფიქრდა და მერე მიამბო ქალზე, რომელსაც ქმრის პერანგის უთოობისას დროის არსებობა გადაავიწყდა.

ფოტო: Mikyung lee

პოეტმა ელეანორ როს ტეილორმა მთელი ცხოვრება ქმრის, პულიცერის ჯილდოს მფლობელი რომანისტის, მოთხრობების ავტორისა და პროფესორის, პიტერ ტეილორის ჩრდილში გაატარა. "წლების განმავლობაში მუზებისთვის ხშირად მითქვამს: 'წადი, ახლა შენთვის დრო არ მაქვს-მეთქი'", - განაცხადა ქალმა 1997 წელს მიცემულ ინტერვიუში, - "მაგრამ ამაში ნაწილობრივ სიზარმაცეც იყო დამნაშავე. თუ ნამდვილად გსურს წერა, ამას მოახერხებ. ამ დროს კი მე სახლის ხეხვით, იატაკის მოპრიალებითა და მსგავსი საქმეებით ვიყავი დაკავებული".

უდიდესი დანაკარგის გრძნობა მიჩნდება, როდესაც იატაკის მოპრიალებას შეწირულ უამრავ დაუწერელ პოემაზე ვფიქრობ. მე დიდი ხნის განმავლობაში მეფიქრებოდა იმ მოლოდინზე, რომელიც ქალებს, პირველ რიგში, სხვებზე გამუდმებულ ზრუნვასა და იატაკის მოპრიალებას ავალებდა. სწორედ ეს მოლოდინი ამწყვევდა მოუთხრობელ ამბებს მათში და ეს ამბები, როგორც მაია ანჯელოუ წერს, ეს გამოუთქმელი სიტყვები, ტკივილის წყაროდ ექცეოდათ. მაგრამ იქნებ თავად ქალებსაც არ ჰგონიათ, რომ საკუთარი თავისთვის დროს იმსახურებენ - ყოველ შემთხვევაში, იმდენ დროს, რომ დაუნაწევრებელი ფიქრის საშუალება მიეცეთ. იქნებ ჩვენვე გვგონია, რომ ჩვენი მოუყოლელი ამბები ხმამაღლა ამოთქმას და მოსმენას არ იმსახურებენ.

მწერალი ვი ეს ნაიპოლი ირწმუნებოდა, რომ ვერც ერთი მწერალი ქალი ვერ შეედრებოდა; რომ ქალის მწერლობა - ზედმეტად "სენტიმენტალური", მათი მსოფლმხედველობა კი ზედმეტად "ვიწრო" გახლდათ, რადგან, მოგეხსენებათ, კაცთა არსებობაში მთლიანი კაცობრიობის გამოცდილებაა ნაგულისხმევი. და მე ხშირად გამჩენია ეს კითხვა: ქალს რომ საკუთარ ცხოვრებაზე დაფუძნებული, სიღრმისეულად გაანალიზებული, ექვსტომიანი რომანი დაეწერა, ისეთივე ყურადღებასა და საერთაშორისო აღიარებას თუ დაიმსახურებდა, როგორიც ჩემი ბრძოლის ავტორს, ნორვეგიელ მწერალს, კარლ უვე კნაუსგორს ხვდა წილად?

ვირჯინია ვულფმა ერთხელ წარმოიდგინა, რა მოუვიდოდა შექსპირს, ქალად რომ დაბადებულიყო ან მისი დარი ნიჭით დაჯილდოებული და რომ ჰყოლოდა (გაიხსენეთ, უკიდურესად ნიჭიერი ნანერლ მოცარტი, რომლის ადრეული კომპოზიციები, - მისი ძმა, ვოლფგანგი, ქებით რომ მოიხსენიებდა და "მშვენიერს" უწოდებდა, - დაიკარგა; ხოლო მას შემდეგ, რაც ქალი დაკისრებული ვალდებულებით უსიყვარულოდ დაქორწინდა, მისი დაუწერელი ნამუშევრები ამოუთქმელად დაიმარხნენ მისსავე გულში).

ქალ შექსპირს, წერდა ვულფი, საკუთარი გენიალურობის გასავითარებლად დრო და შესაძლებლობა არასოდეს ექნებოდა - ის ვერ ივლიდა სკოლაში; მას ეტყოდნენ, რომ წვნიანი უნდა მოემზადებინა; მოსთხოვდნენ, რომ ადრეულ ასაკში გათხოვილიყო; და სცემდნენ, თუ ზემოთ ჩამოთვლილ ვალდებულებათაგან რომელიმეს არ შეასრულებდა. ვულფისეულ მონათხრობში შექსპირის და, დიდი ნიჭის მიუხედავად, სიცოცხლეს იმით დაასრულებდა, რომ მალევე ან გაგიჟდებოდა, ან მოკვდბოდა, ან ტყეში მდგარ კოტეჯში გამოკეტავდნენ და ჯადოქრობას დასწამებდნენ.

თუმცა ამით ამბავი არ მთავრდება. ვულფმა წარმოიდგინა, რომ მომავალში გენიალური შესაძლებლობების ქალი დაიბადებოდა. მისი გაბრწყინებისათვის საჭირო პირობების შექმნა - და მისი ხმისა და ხედვისთვის ღირებულების მინიჭება - მთლიანად ჩვენ მიერ შექმნილ სამყაროზე იქნებოდა დამოკიდებული. "ის მოვიდოდა, თუ ჩვენ მისი მოსვლისთვის გავირჯებოდით", - წერდა ვულფი.

ფოტო: Mikyung Lee

მე არ ვამტკიცებ, რომ რაღაც განსაკუთრებულ ნიჭს ვფლობ. მაგრამ ხანდახან მე მესიზმრება, რომ დაბინდულ ოთახში, სამზარეულოს მაგიდასთან, ჩემი თავის სხვა ვერსიასთან ერთად ვზივარ. ის მეორე მე, რომელიც დროის მსვლელობისგან თავისუფალია, ზის, ჭიქიდან მშვიდად სვამს ჩაის და მეუბნება: "ნეტა, უფრო ხშირად მინახულებდე". და მე ვერ გამირკვევია, შუაღამის ეს ინტენსიური ტკივილი, რომელიც ზოგჯერ მზის წნულს მაჯლაჯუნასავით შემოეხვევა, მხოლოდ იმითაა ნასაზრდოები, რომ ჩემი ამოუთქმელი ამბების მოსაყოლად მცირე დროც კი არ მაქვს, თუ, ამასთან, იმისიც მეშინია, რომ ჩემში ჩახვეული სათქმელი ყურადღების ღირსი არ აღმოჩნდება. ალბათ სწორედ ეს არის ის, რისთვის თვალის გასწორებაც ყველაზე უფრო მაშინებს იმ ჩაბნელებულ ოთახში, რომელშიც სიზმარი მსტუმრობს.

მე იმაზეც მეფიქრება, რა მოხდება, თუ ჩვენ მართლაც შევქმნით ისეთ სამყაროს, სადაც შექსპირისა და მოცარტის დები, ან ნებისმიერი სხვა ქალი, თავისუფლად შეძლებს განვითარებას. რა მოხდება, თუ მივხვდებით, რომ ქალებიც იმსახურებენ დროს იმისათვის, რომ თავიანთ დაბინდულ ოთახებში წავიდნენ და ცოტა ხნით სამზარეულოს მაგიდას გაუნძრევლად მიუსხდნენ. რა მოხდება, თუ ჩვენ ყველა გადავწყვეტთ, უფრო ხშირად ვეწვიოთ საკუთარ თავებს, ჩაი მათთან ერთად დავლიოთ, მოვუსმინოთ, როგორ გამოიხლართება ამბები ჩვენი შიგნეულობიდან და ვიცოდეთ, რომ ეს ამბები ღირებულნი თუნდაც მხოლოდ იმიტომ არიან, რომ არ იტყუებიან. სიამოვნებით ვნახავდი, რა მოხდებოდა შემდეგ.