რუსთავი 2-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ახალი ტელევიზიის, მთავარი არხის საინფორმაციო გამოშვება კურიერს დაუმთხვია. მისი ინფორმაციით, საინფორმაციო გამოშვებას მთავარი ამბები ერქმევა და ეთერში დღის გამოშვებებთან ერთად, საღამოს ცხრა საათზე გავა. ამის შესახებ გვარამიამ ფეისბუქლაივში ისაუბრა.

გვარამია ამბობს, რომ მთავარი არხი მაუწყებლობას, დროებით, ტელეკომპანია იბერიას შენობაში დაიწყებს. მისივე თქმით, ისინი იბერიას ტექნიკასაც გამოიყენებენ. მანვე აღნიშნა, რომ არხის შენობად დიდ დიღომში მდებარე ასტრაპარკი განიხილება, თუმცა, მოლაპარაკებები ბოლომდე დასრულებული არ არის.

ნიკა გვარამიამ ახალი არხის დაფუძნება მას შემდეგ დააანონსა, რაც რუსთავი 2-ის ახალმა მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა ის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ქიბარ ხალვაშის მიერ რუსთავის 2-ის გადაფორმებიდან ერთი თვის თავზე არხიდან გაათავისუფლეს საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე. შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ კი გაათავისუფლებენ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ტოქ-შოუს მთავარ პროდიუსერს, გიორგი ლაფერაშვილს; პოლიტიკური გადაცემების წამყვანებს, გიორგი გაბუნიასა და ეკა კვესიტაძეს და გასართობი გადაცემის ავტორსა და წამყვანს, ნანუკა ჟორჟოლიანს. ახალმა დირექტორმა, პაატა სალიამ მათი გათავისუფლების მიზეზად "ინტერესთა კონფლიქტი" და "შიდა ომები" დაასახელა.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ რუსთავი 2 პირდაპირ ეთერში დატოვეს კურიერის წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა. 21 აგვისტოს ტელეკომპანია თითქმის სრული შემადგენლობით დატოვეს ჟურნალისტებმა. რუსთავი 2 დატოვა რამდენიმე პროდიუსერმა, ასევე, გადაცემების შაბათის შუადღის და კვირის სხვა შუადღის წამყვანებმა. ტელევიზია, ასევე, დატოვა P.S.-ის გუნდმა, ვანო ჯავახიშვილმა, თამუნა ლეკვეშვილმა და რეგიონის ჟურნალისტებმა. კომედი ჯგუფის ნაწილი კი რუსთავი 2-ში დარჩა.