საქართველოს მთავრობამ ახალგაზრდობის სააგენტო დააფუძნა. როგორც On.ge-ს მთავრობის პრესსამსახურში უთხრეს, მისი ხელმძღვანელი ახალგაზრდობის საკითხებში პრემიერის მრჩეველი, რეზო ჩარკვიანი იქნება.

სააგენტოს დებულებაში წერია, ახალგაზრდობის სააგენტო სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავების, განხორციელებისა და კოორდინაციის მიზნით შეიქმნა. სააგენტოს ზედამხედველი მთავრობა იქნება.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ სააგენტოს მიზანებია:

  • ახალგაზრდების განვითარებისთვის, მათი პოტენციალის რეალიზებისა და საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა;
  • ახალგაზრდული სფეროს, ახალგაზრდული საქმიანობისა და მოხალისეობის ინსტიტუტის განვითარება და მხარდაჭერა;
  • ახალგაზრდებში სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ ცნობიერების დონის ამაღლება და მათი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ინსტიტუციური მონაწილეობის ხელშეწყობა;
  • ახალგაზრდებისთვის აქტუალურ მიმართულებათა შესაბამისად (გენდერული თანასწორობა, გარემოს დაცვა, ცხოვრების ჯანსაღი წესი და სხვა), ცნობიერების დონის ამაღლების ხელშეწყობა;
  • არაფორმალური და ფორმალური გარე განათლების განვითარება, ახალგაზრდული ეკონომიკის გაძლიერება, ახალგაზრდებისთვის ხელსაყრელი სტარტაპ-ეკოსისტემის შექმნა, მათი ინიციატივების მხარდაჭერა, ახალგაზრდების დასაქმებისა და ახალგაზრდების სწავლიდან დასაქმებაზე გადასვლის ხელშეწყობის მიზნით;
  • ახალგაზრდულ სფეროსთან მიმართებით, ყველა დონეზე სწრაფი რეაგირების უნარის მქონე, ინკლუზიური, მონაწილეობაზე დაფუძნებული და წარმომადგენლობითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესის უზრუნველყოფა.

სააგენტოს ხელმძღვანელს ეყოლება სამი მოადგილე, რომლებსაც სააგენტოს ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავსიუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ორგანიზაცია სამ სტრუქტურულ ერთეულად დაიყოფა: ადმინისტრაციული დეპარტამენტი, პროგრამების მართვის დეპარტამენტი, ახალგაზრდული პოლიტიკის ანალიზისა და კვლევების დეპარტამენტი.

ახალგაზრდობის სააგენტოს დაფინანსების წყაროები იქნება სახელმწიფო ბიუჯეტი, მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი და კანონმდებლობით დართული სხვა შემოსავალი.