31 აგვისტოს ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე თიბისი რაგბი სერიების ფარგლებში საქართველო-შოტლანდიის მატჩი გაიმართა. სტადიონზე თიბისისა და მასტერქარდის რამდენიმეთვიანი კამპანია გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა. თამაშის პირველი ტაიმის შემდეგ, სტადიონზე იმ 7 იღბლიანი ადამიანის სახელი და გვარი გამოაცხადეს, რომლებიც იაპონიაში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრებიან. გასამარჯვებლად აუცილებელი იყო, რაგბის ბილეთები თიბისის მასტერქარდის ბარათით ყოფილიყო შეძენილი.

საკუთარი სახელისა და გვარის მოსმენა სტადიონზე უცნაური გრძნობა აღმოჩნდა გამარჯვებულებისათვის. მათ არ სჯეროდათ, რომ იაპონიის საგზურის მფლობელები რეალურად გახდნენ. მართალია, ამხანაგურ შეხვედრაში შოტლანდიასთან ბორჯღალოსნები 10:44 დამარცხდნენ, თუმცა თიბისიმ და მასტერქარდმა დღის პოზიტიური ნაწილი შექმნეს.

ერთ-ერთი გამარჯვებული, რამაზ ბერიაშვილი გვიყვება, რომ სტადიონზე უბრალოდ ბორჯღალოსნების საგულშემატკივროდ მივიდა.

"ფანტასტიკური გრძნობაა, ველოდები, რომ ჩვენი ბორჯღალოსნები სულ მცირე ნახევარფინალამდე მაინც გავლენ, თავს დადებენ, ბოლომდე იბრძოლებენ და გვასახელებენ", — თქვა, რამაზ ბერიაშვილმა.

ფოტო: თიბისი

საკუთარი სახელის გაგონების შემდეგ, გათამაშებაში გამარჯვება თავის თავთან ვერც სანდრო სამადბეგიშვილმა დააკავშირა. მისი თქმით, იაპონიაში წასვლაზე ისედაც ფიქრობდა, თუმცა მხოლოდ ჩანაფიქრის დონეზე:

"ჯერ ერთი, ძალიან გამიმართლა, ძალიან გახარებული ვარ. მინდოდა წასვლა, თავად ვგეგმავდი, მაგრამ აშკარად არ გამომდიოდა. ახლა ეს ისეთი ბიძგია, რომ წავიდე კი არა, გავფრინდები. იაპონია, გარდა იმისა, რომ რაგბის ჩემპიონატი ტარდება, ძალიან საინტერესო ქვეყანაა, ისეთია, რომ შემთხვევითაც ვერ მოხვდები და ძალიან განსხვავებული სამყაროა იმისგან, სადაც ვყოფილვარ. მგონია, რომ მთელი ცხოვრება გამყვება შთაბეჭდილებები", — თქვა სანდრო სამადბეგიშვილმა.

ფოტო: თიბისი

ემზარ ქაროსანიძემ გვითხრა,რომ ფოტოგრაფების დანახვაზე რაღაც იეჭვა, თუმცა ბოლომდე მაინც არ სჯეროდა, რომ სტადიონზე მის სახელს და გვარს გამოაცხადებდნენ. მანაც აღნიშნა, რომ არასდროს ასეთი დიდი გათამაშება არ მოუგია და იაპონიიდან უფრო გახარებული დაბრუნდება.

ფოტო: თიბისი

გიორგი თეიმურაზიშვილი სპორტის და ქართული რაგბის დიდი გულშემატკივარია. მართალია, შოტლანდიასთან თამაში მისთვის სასიხარულოდ არ დამთავრდა, თუმცა იმ სიახლემ, რომ ჩვენს ბორჯღალოსნებს იაპონიაში უგულშემატკივრებს, ყველაფერი გადაფარა.

"სტადიონზე ვიყავი, როცა ჩემი სახელი და გვარი გამოაცხადეს, თავიდან ცოტა გაურკვევლობა იყო, რეალობას ვერ უკავშირებ ამ ყველაფერს, მაგრამ როცა უშუალოდ წარმომადგენელმა გადმომცა საგზური და მერე იქვე გვერდით მსხდომმა გულშემატკივრებმა მომილოცეს, რეალობას დავუბრუნდი", — გიორგი თეიმურაზიშვილმა.

ფოტო: თიბისი

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი წელს იაპონიაში 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე გაიმართება. ჩემპიონატში მონაწილეობას მსოფლიოს უძლიერესი 20 გუნდი იღებს, მათ შორის, საქართველოს ნაკრები, რომელიც ჩემპიონატში მეხუთედ მონაწილეობს. სპეციალურად ამ ჩემპიონატისთვის ნაკრებში დაბრუნდება ქართული რაგბის ლეგენდა მამუკა გორგოძე, რომელმაც სანაკრებო კარიერა 2017 წელს დაასრულა.

შემდეგი გაჩერება კი იაპონიაა: ნაკრებისთვისაც და კამპანიის გამარჯვებულებისთვისაც.