სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ აბანოს ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების დრონი სამოქალაქო პირის დრონს შეეჯახა, რის გამოც ორივე დაზიანდა და ჩამოვარდა.

სუს-ში აღნიშნავენ, რომ დე ფაქტო ცხინვალის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დრონი ქართველმა პოლიციელმა ცეცხლსასროლი იარაღით ჩამოაგდო, ტყუილია.

"ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება განწყობილია კონსტრუქციულად და უდიდეს ყურადღებას უთმობს არსებული სტაბილური გარემოს შენარჩუნებას", — ამბობენ უწყებაში.

მათივე თქმით, ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი, საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

დღეს, პირველ სექტემბერს დე ფაქტო ცხინვალმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოფელ კობის მხრიდან მათი მიმართულებით უპილოტო საფრენ აპარატს ესროლეს. მათივე თქმით, დრონისთვის ცეცხლის გახსნა ქართული მხარისგან პირდაპირი პროვოკაციაა. მოგვიანებით, ანტისაოკუპაციო მოძრაობის ძალა ერთობაშია ლიდერმა, დავით ქაცარავამ Facebook-ზე დაწერა, რომ ოსური დრონი მოძრაობის წევრებმა ჩამოაგდეს.