Apple-ის ეკოსისტემაში მყოფი ადამიანებისთვის გუშინდელი დღე სასიამოვნოდ გათენდა. საქართველოში Apple-ს ერთ-ერთი პოპულარული და წარმატებული სერვისი, Apple Pay დაინერგა, რომლითაც აპლიკაციებში, მაღაზიებში და ინტერნეტში გადახდების განხორციელებას შეძლებთ. თანაც იმაზე უფრო უსაფრთხოდ, ვიდრე ეს ფიზიკური ბარათითაა შესაძლებელი.

მაღაზიებში გადახდის უმარტივესი გზა

ნებისმიერ ადგილას, სადაც ამ ორი ლოგოდან ერთ-ერთს მაინც დაინახავთ, Apple Pay-ს უპრობლემოდ გამოიყენებთ. ამ სერვისის საშუალებით მაღაზიაში აიფონით და Apple Watch-ით უფრო სწრაფად გადაიხდით, ვიდრე ფიზიკური ბარათით. Face ID-სა და Touch ID-ს საშუალებით ეს პროცესი ძალიან მარტივია. ამისთვის საკმარისია ჩართოთ თანდაყოლილი აპლიკაცია Wallet, შემდეგ Touch ID-ს ან Face ID-ს საშუალებით ავტორიზაცია გაიაროთ და აიფონი ან Apple Watch ტერმინალს დაადოთ.

გადაიხადე აპლიკაციებში

Apple Pay-ს გამოყენებას სხვადასხვა აპლიკაციაშიც შეძლებთ. ამ დროს ბარათისა და თქვენი მონაცემების შეყვანა თითოეული შესყიდვისას ცალკეულად აღარ მოგიწევთ. გადახდისთვის საკმარისია, რომ Apple Pay-ს ლოგოს დააჭიროთ, შემდეგ კი ავტორიზაცია სტანდარტულად, Face ID-ით ან Touch ID-ით გაიაროთ.

გადაიხადე ინტერნეტ სივრცეში

Apple Pay ფიზიკური ტერმინალების გარდა, უამრავ ვებგვერდზეც ხელმისაწვდომია. თანაც, ამ სერვისის გამოყენება არა მხოლოდ აიფონებით და Apple Watch-ებით, არამედ MacBook-ებითაც შესაძლებელია. თუ თქვენ Safari-ს იყენებთ, სხვადასხვა ვებგვერდზე Apple Pay-ს ლოგოს ხშირად შეხვდებით. MacBook Air-ით ან MacBook Pro-თი ავტორიზაციას ლეპტოპიდან Touch ID-ს საშუალებით ისევე გაივლით, როგორც ამას აიფონიდან აკეთებთ.

უსაფრთხოება

Apple Pay-ს უსაფრთხოება მის დიზაინშივეა გათვალისწინებული, როგორც პროგრამულად, ისე ფიზიკურად.

პირველ რიგში, Apple Pay-ს გამოსაყენებლად აუცილებელია, რომ თქვენს მოწყობილობაზე პაროლი გედოთ. Touch ID და Face ID კი ავთენტიფიკაციის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო გზაა.

აღსანიშნავია, რომ სერვისის გამოყენებისას Apple-ს თქვენს ბარათებზე წვდომა არ აქვს, კომპანია არც ბარათების მონაცემებს ინახავს. საკრედიტო ბარათის დამატებისას ინფორმაცია Apple-ს სერვერებს დაშიფრულად ეგზავნება.

ბარათის დადასტურების შემდეგ ბარათის მფლობელი ბანკი ქმნის უნიკალურ კოდს. კოდის გაშიფვრა Apple-ს არ შეუძლია, ის აიფონზე არსებულ დაშიფრულ "უსაფრთხო ელემენტში" ინახება. აიფონის ტერმინალთან მოთავსებისას სწორედ ეს დაშიფრული ჩიპი წარუდგენს ტერმინალს ტრანზაქციის განსახორციელებლად საჭირო ინფორმაციას და გადახდა წარმატებით სრულდება.

როგორ გამოვიყენო?

საქართველოში Apple Pay-თ სარგებლობა შემდეგი მოწყობილობების ქონის შემთხვევაში შეგიძლია:

  • ნებისმიერი აიფონი, რომელსაც Face ID აქვს;
  • ნებისმიერი აიფონი, რომელსაც Touch ID აქვს, გარდა iPhone 5S-ისა
  • ნებისმიერი Apple Watch, გარდა პირველი თაობისა;
  • ნებისმიერი MacBook, რომელსაც Touch ID-ს მხარდაჭერა აქვს.

აიფონით Apple Pay-თ სარგებლობისას ბარათების დამატება და წაშლა Wallet-ის აპლიკაციიდანაა შესაძლებელი, თუმცა საქართველოს ბანკმა ეს ფუნქცია მობაილბანკშიც დაამატა და პროცესი კიდევ უფრო კომფორტული გახადა:

  • ჩართე მობაილბანკის აპლიკაცია
  • დააჭირე ბარათის დამატებას
  • სასურველი ბარათის გასწვრივ დააჭირე Add to Apple Wallet-ს
  • მიჰყევი ინსტრუქციას და არჩეული ბარათი Wallet-ის აპლიკაციას დაემატება

Wallet-ის გამოყენება უმარტივესია. როდესაც ტერმინალის საშუალებით გადახდა გსურს, Wallet-ის აპლიკაციას ჩართავ, სასურველ ბარათს დააჭერ, შემდეგ კი Touch ID-ს ან Face ID-ს საშუალებით ავთენტიფიკაციას გაივლით, ამის შემდეგ ტელეფონს ტერმინალს მიადებთ.

გადახდა შესრულებულია.