იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები შეარჩია. ჩამონათვალში მოხვდნენ ის კანდიდატებიც, რომლებიც დასამტკიცებლად პარლამენტს საბჭომ ერთელ უკვე გადაუგზავნა და რასაც პროტესტი მოყვა როგორც სამოქალაქო, ასევე, პოლიტიკურ წრეებში.

პარლამენტში წარსადგენ კანდიდატებს შორის ძველი სიიდან არიან: გიორგი მიქაუტაძე, ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე, მერაბ გაბინაშვილი და თამარ ალანია.

უზენაესის მოსამართლეთა კონკურსი

2018 წელს პარლამენტისთვის დასამტკიცებლად წარდგენილ სიაში მოსამართლეობის 10 კანდიდატი იყო, მათ შორის, საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე თამარ ალანია. ამჟამინდელ კონკურსში გვრიტიშვილი და ჩინჩალაძე მონაწილეობას აღარ იღებენ. გიორგი მიქაუტაძე კი რამდენიმე დღის წინ საქალაქო სასამართლოში უვადოდ გაამწესეს.

2018 წლის დეკემბერში უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების 10-კაციან სიას პოლიტიკური დაპირისპირება მოჰყვა როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში, ისე ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორში. კრიტიკა ორ ძირითად საკითხს ეხებოდა:

  • კრიტერიუმებისა და პროცედურების გარეშე შერჩეული 10 კანდიდატი;
  • ე.წ. ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის გაძლიერების საფრთხე.

უმრავლესობის დეპუტატებმა, მათ შორის ეკა ბესელიამ და გედევან ფოფხაძემ, პროტესტის ნიშნად ქართული ოცნებაც დატოვეს. ეკა ბესელია აცხადებდა, რომ 10-კაციანი სიის დამტკიცებას ქართული ოცნება და პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ლობირებდა.

იუსტიციის საბჭომ სია პარლამენტიდან გამოითხოვა. ქართულმა ოცნებამ კი უზენაესის მოსამართლეთა შერჩევისა და წარდგენის პროცედურების კანონპროექტზე დაიწყო მუშაობა. კანონი პარლამენტმა პირველ მაისს დაამტკიცა. სწორედ, აღნიშნულ კრიტერიუმებისა და პროცედურების გათვალისწინებით უნდა შეარჩიოს იუსტიციის სამინისტრომ მოსამართლეობის კანდიდატები და შემდგომ, პარლამენტს წარუდგინოს.

ქართული ოცნების კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს პარტიიდან წასულმა დეპუტატებმა და საპარლამენტო ოპოზიციამ. ისინი კანონპროექტის მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნებას მოითხოვდნენ. მათი პოზიციით, ქართულმა ოცნებამ არ გაითვალისწინა ვენეციის კომისიისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები და ე.წ. კლანს საშუალება მისცა "უზენაეს სასამართლოშიც გაძლიერებულიყო".

ამავე თემაზე: სასამართლოს სუიციდად შეფასებული გადაწყვეტილება და უვადო მოსამართლეობის 10 კანდიდატი