პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, პრეზიდენტის მიერ მისი გათავისუფლება და ადმინისტრაციაში სხვა თანამდებობაზე გადაყვანა სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც მან On.ge-ს უთხრა, თანამდებობიდან თავისი ნებით წასვლას აპირებს.

"შეუძლიათ შეწყვიტონ კონტრაქტი, მაგრამ საფუძველი უნდა დაუდონ. სხვა თანამდებობაზე გადაყვანა ჩემთან უნდა ყოფილიყო შეთანხმებული. ბიულეტენზე ვარ, მივალ, დავწერ განცხადებას და წამოვალ", — აღნიშნა მოისწრაფიშვილმა.

დღეს 9 სექტემბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა ხატია მოისწრაფიშვილი პრესსპიკერის თანამდებობიდან გაათავისუფლა და კომუნიკაციების დეპარტამენტში გადაიყვანეს.

ხატია მოისწრაფიშვილი პრეზიდენტის პრესსპიკერად სალომე ზურაბიშვილის არჩევიდან რამდენიმე კვირაში დაინიშნა. ის წლების განმავლობაში მუშაობდა შემოსავლების სამსახურში, მანამდე კი სხვადასხვა ტელევიზიაში.