მამუკა ხაზარაძის საზოგადოებივ მოძრაობას ლელო ერქმევა. ამის შესახებ მან ანაკლიაში პრეზენტაციაზე თქვა. მოძრაობის სახელის გაჟღერებამდე ხაზარაძემ გალაკტიონ ტაბიძის ლექსი მშობლიური ჩემო მიწავ წაიკითხა.

"ჩვენ ერთმანეთს არ ვეჯიბრებით სამშობლოს სიყვარულში, ჩვენ ყველას, უბრალოდ, გვიყვარს სამშობლო", — თქვა ხაზარაძემ.

ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება 9 ივლისს დააანონსა. ხაზარაძემ მაშინ თქვა, რომ ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე პროცესები საგანგაშო ფორმებს იღებს და "სახეზეა ჩვენი საზოგადოების გახლეჩვისა და დაპირისპირების მიზანმიმართული პროცესი". მისივე თქმით, 20 ივნისის ღამე იყო ის წყალგამყოფი, როდესაც "ჩვენმა ღირსეულმა და თავისუფალმა ახალგაზრდობამ გულწრფელი და მტკიცე პროტესტი გამოხატა ოკუპაციისა და ძალადობის წინააღმდეგ. ეს პროტესტი არის უწყვეტი, ისტორიული პროცესისა და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გაგრძელება". ხაზარაძემ აღნიშნა, რომ სწორედ დღეს არის საჭირო ჯანმრთელი, პროგრესული და პროდასავლური საზოგადოების კონსოლიდაცია და გაერთიანება, რადგან მისივე განცხადებით, ცხადია, რომ არსებული ვითარების დეესკალაცია და სამოქალაქო მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ხელისუფლების ან პოლიტიკური პარტიების ძალისხმევით პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება.