საქართველომ რუსეთს ინტერპოლით ძებნილი, ეთნიკურად ჩეჩენი რამზან ახიადოვი დღეს, 19 სექტემბერს გადასცა. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის თქმით, ახდიადოვი ტერორისტულ დანაშაულში, მათ შორის ისლამური სახელმწიფოს ინტერესებში ხალხის მობილიზებასა და ბრძოლის ეპიზოდებში ედება ბრალი.

"ჩვენ რუსეთის ფედერაციისგან მივიღეთ წერილობითი გარანტიები, რომ მიუხედავად ძალიან მძიმე მუხლებისა ექსტრადიციაზე დავთანხმდებოდით, რომ ეს პირი იქნება მოთავსებული ადამიანურ პირობებში საპატიმროში და მას არ დაემუქრება ის პრობლემა, რაც შეიძლება დაკვალიფიცირდეს ჩვენი ან ევროპული კონვენციის რომელიმე მუხლით", — მინისტრის განცხადებას პირველი არხი ავრცელებს.

ადვოკატი, ალექსანდრე თათელაშვილი ამბობს, რომ რამზან ახიადოვი ბრალდებას უარყოფს, ხოლო რუსეთში ექსტრადიციის შემთხევაში მისი დაცვის ქვეშ მყოფს არადამიანური მოპყრობა ელოდება. ახიადოვის ისტორია ადვოკატმა ნეტგაზეთსა და რეგინფოს უამბო.

ალექსანდრე თათელაშვილი ამბობს, რომ რამზან ახიადოვმა ჩეჩნეთი ოჯახთან ერთად 2014-2015 წლებში დატოვა და საცხოვრებლად თურქეთში გადავიდა. შექმნილი პრობლემების გამო, რომელზეც ადვოკატი საჯაროდ არ საუბრობს, 2017 წელს ახიადოვი ქუთაისში დასახლდა.

როგორც ადვოკატი ყვება, ახიადოვი 2018 წელს მას შემდეგ დააკავეს, რაც საპატრულო პოლიციამ არასწორად პარკირების გამო გააჩერა და აღმოაჩინა, რომ ის ინტერპოლით ძებნილია. თათელაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა თვითონაც არ იცოდა, რომ იძებნებოდა.

დაკავების შემდეგ მათ თავშესაფარი მოითხოვეს, თუმცა მიგრაციის დეპარტამენტმა უარი განაცხადა. თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა გადაწყვეტილება ძალაში დატოვეს. თათელაშვილის თქმით, პროკურატურის შუამდგომლობა ექსტრადიციის შესახებ მათ სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა ყველა ინსტანციამ, ასევე, ძალაში დატოვა.

ადვოკატი ამბობს, რომ ექსტრადიციის საქმეში მტკიცებულება, რომ ახიადოვი ტერორიზმთან არის დაკავშირებული, არ დევს. მისივე თქმით, პროკურატურა რუსეთის გამოძიების მასალებით არ დაინტერესებულა.