სახელმწიფომ, ბათუმის იახტკლუბის მოწყობისა და განვითარების მიზნით, ნავსაყუდელთან ზღვის აკვატორიის 1 ჰექტარამდე ფართობი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად დაარეგისტრირა. ამის შესახებ ბათუმელები წერს. გამოცემის ცნობით, იახტკლუბის განვითარება კი, პროექტ რივიერა ბათუმის ნაწილია, რომელიც სილქ როუდ ჯგუფმა ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის თანადაფინანსებით უნდა განახორციელოს.

ფოტო: ბათუმელები

სილქ როუდ ჯგუფის შვილობილი კომპანია ბათუმი რივიერა იახტკლუბისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს, რომელიც მოიცავს: მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს, სასტუმროებს, იახტკლუბს, ხელოვნურ ლაგუნას, რესტორნებს, კაზინოს, საზოგადოებრივ სივრცეებს.

ბათუმის საკრებულოს მიერ დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ-ს] თანახმად, ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს იკავებს ხელოვნური ყურე, სადაც გათვალისწინებულია ნავმისადგომი იახტებისთვის. გრგ-ს მიხედვით, ხუთი თაუერიდან ერთ-ერთი კოშკის სიმაღლე 200.6 მეტრი იქნება. სწორედ ეს 56-სართულიანი კოშკი იქნება ბათუმში ყველაზე მაღალი შენობა.

საინიციატივო ჯგუფისა და საზოგადოება ბათომის მტკიცებით, ბათუმის კონცხი ისტორიული ქალაქის შემადგენელი ნაწილია და ცათამბჯენებით მისი განაშენიანება არღვევს კანონს. აქტივისტები მიიჩნევენ, რომ ეს პროექტი ძველ ბათუმს ისტორიულ იერსახეს უკარგავს და ისტორიული ქალაქის სანაპიროსთან კონტაქტს სრულად ახშობს. მათივე თქმით, კიდევ ერთი არგუმენტი გაეროს დაფინანსებით ჩატარებული კვლევაა, სადაც, მათი თქმით, ნათქვამია, რომ კონცხზე მასშტაბური მშენებლობები საფრთხის შემცველია.

ბათუმის მერია და სილქ როუდ ჯგუფი კი ამბობს, რომ მათ იტალიურ კომპანიას დაუკვეთეს კვლევა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ზღვის სანაპიროზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობა საფრთხეს არ წარმოადგენს.