საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანი, დიმიტრი გაბუნია ამბობს, რომ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების პროცესში მონაწილეობას არ იღებდა. ამის შესახებ მან დეპუტატ ირმა ნადირაშვილის კითხვის საპასუხოდ პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა.

გაბუნია ამბობს, რომ მასაც აინტერესებს, ვინ ურჩია პრეზიდენტის ამ ადამიანების შეწყალება. მისივე თქმით, შვებულებაში იყო და შეწყალებების შესახებ მედიით გაიგო.

"მე პრეზიდენტთან დავსვი კითხვები და მან მხოლოდ ის მითხრა, რომ შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა... როცა ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე იღებ გადაწყვეტილებას, ხომ შეიძლება ვინმეს კითხო... მე როცა დამიბარებენ პროკურატურაში, ამ საკითხს დავსვამ. არ ვიცი, ვისი რჩევით მოხდა შეწყალება. ვინ შეადგინა სია, ვინ ურჩია პრეზიდენტს და რატომ მოაწერა ხელი პრეზიდენტმა. [ამაში] არ ვარ გარეული", — ამბობს გაბუნია.

18 სექტემბერს ევროპულ საქართველოში ბრიფინგი გაიმართა, სადაც ირმა ნადირაშვილმა თქვა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალებასთან დაკავშირებული საქმეები უშუალოდ საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას შუამდგომლობით გვარდება. 20 სექტემბერს კი პროკურატურამ სალომე ზურაბიშვილის მიერ პატიმრების შეწყალების საქმეზე გამოძიება დაიწყო და გამოკითხვაზე ნადირაშვილი დაიბარა.

პატიმრების შეწყალება

პრეზიდენტის მიერ შეწყალების სისტემის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ბოლო რამდენიმე კვირაში არაერთი კითხვა დაისვა. 17 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილმა მარიამობას მკვლელობაში მსჯავრდებული კიდევ ერთი პირი, ზურაბ ნადირაძე შეიწყალა. მის ექსტრადიციას საქართველოს მთავრობა 23 წლის განმავლობაში ითხოვდა.

მანამდე ინფორმაცია გავრცელდა, რომ ზურაბიშვილმა 18 წლის დათო ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. ბეჟანიძე 2016 წლის მარტში დააკავეს და 11 წელი ჰქონდა მისჯილი.

ამასთანავე, პრეზიდენტმა შეიწყალა პირი, რომელიც ბათუმში პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იყო მსჯავრდებული. პოლიციელის მკვლელობისთვის რამაზ დევაძეს 2015 წლის 18 სექტემბერს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

რამდენიმე კვირის წინ თვითონ სალომე ზურაბიშვილმა მაშინ გადაწყვეტილების განმარტებაზე უარი განაცხადა. მისი თქმით, შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა.

"ეს უცებ გახდა რაღაც სალაპარაკო პრობლემა იმ დროს, როცა აქ ამდენი არის პოზიტივზე სალაპარაკო. ესეც დიდად არ მიკვირს. თუ რამე განცხადება არის უფრო დეტალური გასაკეთებელი, ეს უნდა გაკეთდეს თბილისში", — თქვა მაშინ ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას კრიტიკით შეხვდნენ როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები. ამასთანავე, მკვლელობისთვის მსჯავრდებულთა შეწყალება მიუღებელი აღმოჩნდა მმართველი პარტიის დეპუტატებისთვის. რამდენიმედღიანი კრიტიკის შემდეგ პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, რომ შეწყალების უფლება დაიხვეწოს. 18 სექტემბერს მან შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.