ტყიბულში, მინდელისა და ძიძიგურის შახტებში დახლოებით 30 მეშახტე ჩავიდა და პროტესტის ნიშნად ადგილის დატოვებას არ აპირებს. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, მეშახტეებს ხელფასი 15 სექტემბრამდე უნდა აეღოთ, თუმცა მათ კომპანიის პასუხი ამ დრომდე არ აქვთ.

"მეშახტეები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას შეასრულონ საბანკო და კომუნალური ვალდებულებები, რაც მათ სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს. მათ ყოველდღიურად ეკისრებათ საბანკო ჯარიმები სესხის პროცენტის გადახდის ვადაგადაცილების გამო და იზრდება იმის შანსი, რომ მათ, როგორც აბონენტებს, შეუწყდეთ ბუნებრივი აირისა და ელ-ენერგიის მიწოდება", — წერია პროფკავშირების განცხადებაში.

პროფკავშირები მთავრობას მოუწოდებენ, გადაუხადონ ტყიბულელ მეშახტეებს კუთვინილი ანაზღაურება და გააცნონ გეგმა, როგორ გააგრძელებს კომპანია ნახშირმოპოვებას.

ტყიბულში მეშახტებს იგივე პრობლემებს 2018 წელსაც ჰქონდათ. მაშინ დასაქმებულები პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრას მოითხოვდნენ, რათა მათთვის წარედგინათ ოფიციალური დოკუმენტი, რომ ისინი შახტებში გამოძიების დასრულებამდე, ხელფასებს მიიღებდნენ. ტყიბულში 2018 წლის 16 ივლისს მინდელის შახტაში მომხდარ აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვეპლა. ამის გამო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტყიბულში არსებული 25-ვე შახტი დალუქა. მამუკა ბახტაძემ კი განაცხადა, რომ მინდელის შახტის დახურვის განმავლობაში მეშახტეებს ხელფასები აუნაზღაურდებოდათ.