თეთრმა სახლმა ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და მის უკრაინელ კოლეგის, ვლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბარი გამოაქვეყნა. საუბრის მიხედვით ირკვევა, რომ ტრამპმა 25 ივლისს ზელენსკის სთხოვა, გამოძიება დემოკრატების კანდიდატ ჯო ბაიდენის შვილით დაინტერესებულიყო, რომელიც უკრაინულ გაზის ფირმაში მუშაობდა.

"ბევრი საუბარია ბაიდენის შვილზე... რომ ბაიდენმა შეაჩერა სისხლის სამართლებრივი დევნა და ბევრ ადამიანს სურს ამის გარკვევა. ბაიდენი იკვეხნის, რომ მან შეაჩერა დევნა, თუ რამის გაკეთება შეგიძლიათ გენერალურ პროკურორთან ერთად, შესანიშნავი იქნება", — აღნიშნულია სატელეფონო საუბრის გაშიფრულ ვერსიაში.

"ჩვენ ამაზე ვიზრუნებთ და ვიმუშავებთ საქმის გამოძიებაზე", — თქვა ზელენსკიმ.

მან, ასევე, უთხრა ტრამპს, რომ თუ გამოძიებისთვის საჭირო ინფორმაციას მიაწვდიდნენ, ეს პროცესს დაეხმარებოდა.

სატელეფონო ზარის დროს აშშ-ს პრეზიდენტმა ზელენსკის, ასევე, სთხოვა ეთანამშრომლა აშშ-ს გენერალურ პროკურორ უილიამ ბორტთან და ტრამპის პირად ადვოკატთან, რუდოლფ გილანთან.

სატელეფონო საუბარის სკანდალი

დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სატალეფონო საუბრის გარშემო არსებული სკანდალის გამო კონგრესში ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. დემოკრატები, რომლებიც ქვედა პალატას აკონტროლებენ, დონალდ ტრამპს თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ. დონალდ ტრამპმა 24 სექტემბერს თქვა, რომ უკრაინაში განხორციელებული ზარის მთლიანი ჩანაწერი გამოქვეყნდება.

ცნობილი გახდა, რომ ზელენსკისთან საუბრამდე ერთი კვირით ადრე ტრამპმა პირადად გასცა ბრძანება, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარება შეეჩერებინათ. აშშ-ს პრეზიდენტმა დახმარების შეჩერება აღიარა და გადაწყვეტილება დაასაბუთა იმით, რომ ევროპის სხვა ქვეყნები, როგორიცაა გერმანია და საფრანგეთი, უკრაინას არასათანადოდ ეხმარებიან. სექტემბრის შუა რიცხვებში კი 400 მილიონი დოლარის დახმარება უკრაინამ, საბოლოოდ, მიიღო.

ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის მთავარ კონკურენტად განიხილება. მისი შვილი ჰანტერ ბაიდენი 2014-2019 წლებში კომპანია ბურისმაში დირექტორთა საბჭოს წევრი იყო. ყოფილმა გენპროკურორმა ვიქტორ შოკინმა კომპანიის მფლობელის, ნიკოლაი ზლოჩევსკის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. უკრაინის ხელისუფლებამ ბურისმას საქმე 2017 წელს დაასრულა და ვერანაირი დარღვევა ვერ გამოავლინა.

შოკინის საქმიანობით დასავლეთში არაერთი ლიდერი იყო უკმაყოფილო, რადგან ამბობდნენ, რომ ის კორუფციას არასათანადოდ იძიებდა. 2015 წლის დეკემბერში კიევში ვიზიტისას ჯო ბაიდენმა შოკინის გათავისუფლებაც მოითხოვა. საბოლოოდ, გენპროკურორი თანამდებობიდან ის 2016 წელს გადააყენეს.

გაიგეთ მეტი: