ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა, რომელიც დღეს ტყიბულში ჩავიდა ვეთარების გასაგებას, აცხადებს, რომ მეშახტეების აქცია და გაფიცვა შეწყდა. მან ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ინვესტორი კომპანია დღეიდან იწყებს საქმიანობას — მეშახტეებთან ერთად შახტში არსებული ვითარების შესწავლას.

ნათია თურნავას ცნობით, ახალი ინვესტორი საქნახშირმა იპოვა. მინისტრი არ აკონკრეტებს, მათ საქმიანობას გადააბარებენ, თუ მხოლოდ პარტნიორი იქნება. ის ამბობს, რომ კომპანია არის ქართული, რომელსაც უკრაინელი პარტნიორები ყავს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალი ინვესტორი ორშაბათს, 30 სექტემბერს გაისტუმრებს სახელფასო დავალიანებას:

"კომპანიამ იკისრა ვალდებულება, გაისტუმროს, სოციალური გადასახადები, მათ შორის, დაზარალებული ოჯახების წინაშე. გაჟღერდა რომ ერთ თვეში აღდგეს მოპოვება და ეს დამაიმედებელია, რადგან ერთ წელზე მეტია შახტა გაჩერებულია. უახლოესი ორი წლის განმავლობაში მოხდება შახტების გაფართოება".

24 სექტემბერს ტყიბულში, მინდელისა და ძიძიგურის შახტებში, დახლოებით, 30 მეშახტე ჩავიდა და პროტესტის ნიშნად ადგილის დატოვებას არ აპირებს. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, მეშახტეებს ხელფასი 15 სექტემბრამდე უნდა აეღოთ, თუმცა მათ კომპანიის პასუხი ამ დრომდე არ აქვთ. საქნახშირში On.ge-ს უთხრეს, რომ მეშახტეებმა ღამე შახტებში გაათენეს.

პროფკავშირები მთავრობას მოუწოდებენ, გადაუხადონ ტყიბულელ მეშახტეებს კუთვნილი ანაზღაურება და გააცნონ გეგმა, როგორ გააგრძელებს კომპანია ნახშირმოპოვებას. თავის მხრივ ეკონომიკის სამინისტრომ მოუწოდა კომპანიას, რომ დასაქმებუბლებს სახელფასო დავალიანება აუნაზღაუროს.

საქნახშირის განცხადებით, კომპანია ფინანსური პრობლემების წინაშე დადგა, რაც ცნობილი იყო ტყიბულის მინდელისა და ძიძიგურის შახტებში დასაქმებულებისთვისაც. მათივე ცნობით, ამ დროისთვის სახელმწიფოსთან ერთად კონსულტაციებს აწარმოებს.

ტყიბულში მეშახტებს იგივე პრობლემებს 2018 წელსაც ჰქონდათ. მაშინ დასაქმებულები პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრას მოითხოვდნენ, რათა მათთვის წარედგინათ ოფიციალური დოკუმენტი, რომ ისინი შახტებში გამოძიების დასრულებამდე, ხელფასებს მიიღებდნენ. ტყიბულში 2018 წლის 16 ივლისს მინდელის შახტაში მომხდარ აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის გამო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტყიბულში არსებული 25-ვე შახტი დალუქა. მაშინდელმა პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ კი განაცხადა, რომ მინდელის შახტის დახურვის განმავლობაში მეშახტეებს ხელფასები აუნაზღაურდებოდათ.