ნიუ იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ ერთ-ერთი მაღალი დონის შეხვედრაზე საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს შეხვდნენ. 2008 წლის შემდეგ რუსეთ-საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებს დიპლომატიური კონტაქტი არ ჰქონიათ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საუბარი შეეხო დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს, მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ On.ge-ს განუცხადა, რომ შეხვედრაზე ქართული მხრიდან განხილვის მთავარი თემა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი იყო.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ფეისბუქზე წერს, რომ შეხვედრა ორგანიზებული იყო შვეიცარიის მეშვეობით, რომელიც დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პერიოდში მოსკოვსა და თბილისს შორის შუამავალს წარმოადგენს.

2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომისა და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. აღიარების შემდეგ, საქართველომ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან. 2009 წლის მარტში გაიხსნა საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექცია, და რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია.

დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ ორ ქვეყანას შორის მიმდინარეობს პოლიტიკური კონსულტაციები ჟენევის ფორმატით.