კინოსამყაროში ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი საშინელებათა ჟანრია, რომელშიც შექმნილ კინოსურათებს მაყურებლების დიდი ნაწილი თავიდანვე არასერიოზულად, ყოველგვარი ღირებულებისგან დაცლილად მიიჩნევს. ხოლო იმ დარჩენილი ნაწილის მოტივაცია, ვინც ჰორორ ფილმებს უყურებს, ცარიელი და კონსუმერულია - ძირითადად მოზღვავებული ადრენალინის შეგრძნებით მხოლოდ დროის გაყვანა სურთ.

სიმართლე რომ ითქვას, ეს ტენდენცია ჟანრული კინოს მიმართ მხოლოდ იმ სნობური დამოკიდებულების გამო არ გვხვდება, რომელიც "მაღალ ღირებულებებზე" ქადაგებს და კინოში მხოლოდ კონკრეტულ, ვიწრო გამომსახველობით საშუალებებს რთავს ნებას, რომ პოზიციონირდეს, როგორც "კინო". ჰორორ ფილმების სრული უმეტესობა ხანდახან მართლა ყოველგვარი ენთუზიაზმის მიუხედავადაც პირდაპირი მნიშვნელობით საშინელი სანახავია: მათი დიდი ნაწილის სიუჟეტური ხაზი იმდენად გაცვეთილია, რომ მანამდე გადაღებულ იმავე ჟანრის ფილმების ფაბულას ერთი ერთში იმეორებს და ამის გამო ამბის განვითარება ისე მარტივად პროგნოზირებადია, სამი ჰორორ ფილმი მაინც თუ გინახავთ, შემდეგის დასასრულსაც მარტივად გამოიცნობთ.

ვისაც სტივენ კინგის ნაწარმოების მიხედვით სტენლი კუბრიკის მიერ გადაღებული ფილმი The Shining უნახავს, ის ამ კადრითაც კი ზუსტად მიხვდება, თუ რა ძალა აქვს საშინელებათა ჟანრს.

ფოტო: Warner Bros.

თუ ლიტერატურაში ედგარ ალან პოსა და ჰოვარდ ლავკრაფტის შემდეგ სხვა ბევრ მნიშვნელოვან ავტორთან ერთად ცნობილმა ამერიკელმა მწერალმა, სტივენ კინგმა მოახერხა და საშინელებათა ჟანრს ლიტერატურის ისტორიაში საპატიო ადგილი დაუმკვიდრა, ეს არ განმეორდა კინოში - ბევრმა ვერ შეძლო მეოცე საუკუნის უმნიშვნელოვანესი რეჟისორის, ჰიჩკოკის მემკვიდრეობა ღირსეულად განევითარებინა. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ კინოშიც საშინელებათა ჟანრი ლიტერატურამ გადაარჩინა: მხოლოდ სტივენ კინგის ნაწარმოებების მიხედვით გადაღებული ეკრანიზაციების რაოდენობა რად ღირს.

ბოლო რამდენიმე ათწლეულია კინოინდუსტრია საშინელებათა ჟანრის ფილმებს მხოლოდ დაბალი ბიუჯეტის ფასად მაღალი შემოსავლების მიმღებ პროდუქტად აღიქვამს და მსგავსი ფილმების რეჟისორებიც შესაბამისად ცდილობენ უბრალოდ მაყურებლების ცხოველურ ინსტიქტებზე ითამაშონ: ერთმანეთზე უფრო შიშისმომგვრელი მონსტრების მიღმა დამოუკიდებელი კინოენისა და თხრობის განვითარებას ვერ ახერხებენ.

მიუხედავად ამისა, ბოლო წლებში მაინც დაფიქსირდა რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა, როცა კინოს ჰორიზონტზე ხარისხიანი ჰორორი გამოჩნდა. ამ სტატიაში სწორედ უკანასკნელ წლებში გადაღებულ რამდენიმე საშინელებათა ჟანრის ფილმის შესახებ გიამბობთ, რომლებიც აქამდე ნანახ ფილმებს შორის გამოვარჩიე და ვფიქრობ, ისინი ნამდვილად იმსახურებენ მაყურებლის ყურადღებას, რათა საერთო მსჯელობითა და გადააზრებით, კინოშიც გამოინახოს სათანადო ადგილი ჰორორის ჟანრისთვის.

10. The Others (2001)

ფოტო: Warner Sogefilms

ალბათ, ბევრი დამეთანხმება, რომ ნიკოლ კიდმანი ჩვენი დროის ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობია - ის ყოველ ფილმში უნიკალურ ოსტატურ სამსახიობო შესრულებას გვთავაზობს. პირველად ის ეკრანზე სწორედ ამ ყოვლად მისტიკური და სისხლისგამყინავი ემოციებით სავსე ფილმში ვიხილე და მაშინვე შევიყვარე, რადგან მის სახეზე ერთი ნაკვთის გამოძრავებაც კი იდეალურად გადმოსცემს მაყურებელს მისი გმირის ირგვლივ გამეფებულ შემზარავ ატმოსფეროს.

The Others ესპანელი რეჟისორის, ალეხანდრო ამენაბარის ფილმია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის საზარელი შედეგების შესახებ განსხვავებული მხატვრული ხერხებით გვიამბობს და შედეგად საშინელი საიდუმლოებებით სავსე თავგადასავალში ითრევს მაყურებელს.

9. Funny Games (2007)

ფოტო: Warner Independent Pictures

მიხაელ ჰანეკე თანამედროვე კინოს ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დიდოსტატია, რომელსაც განსაკუთრებულად კარგად გამოსდის ადამიანების გონებაში ჩაძვრომა და ყველა იმ საშინელების სააშკარაოდ გამოფენა, რაც იქ საგუდაგულოდაა გადამალული. ამის საილუსტრაციოდ თუნდაც ფილმი Funny Games გამოდგება, რომელიც თავდაპირველად 1997 წელს გადაიღო, ათი წლის შემდეგ კი ფილმის ერთგვარი ჰოლივუდური რიმეიქიც თავადვე შექმნა.

ფოლკნერისთვის დამახასიათებელი შემზარავი სიუჟეტური ქარგის მქონე ფილმი, რომელშიც მთავარ როლებს შესანიშნავად ასრულებენ ნაომი უოტსი, ტიმ როთი და მაიკლ პიტი, მაყურებელს ეკრანზე მზერის მოდუნების საშუალებას არ აძლევს, რათა ხისტად და ჯიქურ აჩვენოს ის, თუ რამდენად უსაზღვრო შეიძლება იყოს ადამიანის დაუნდობლობა და გულგრილობა ერთდროულად.

8. Orphan (2009)

ფოტო: Warner Bros. Pictures

ჰორორის ჟანრისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სიუჟეტური ხაზის მოულოდნელი განვითარება და ფინალის სულისშემძვრელად დაგვირგვინებაა. ამის საუკეთესო მაგალითი ფილმი Orphan-ია, რომელშიც ერთი შეხედვით ტრადიციული ოჯახური დრამა თამაშდება, თუმცა მალე რეჟისორი თამაშის წესებიდან უხვევს და მაყურებლების ყველაზე სათუთ ემოციებს მანამდე წარმოუდგენელი ისტორიის ალტერნატიული განვითარების ჩვენებით შეურაცხყოფს.

7. Goodnight Mommy (2014)

ფოტო: Dimension Films

როგორც ხდება ხოლმე, ჰოლივუდისგან შორს, მოგებაზე ორიენტირებული ინდუსტრიისგან დამოუკიდებლად კინოში უფრო ხშირად იქმნება საინტერესო ექსპერიმენტები, რაც კომერციული წნეხისგან მეტ-ნაკლებად თავისუფალი რეჟისორების დამსახურებაა. ამის ნათელი მაგალითია ვერონიკა ფრანცისა და სევერინ ფიალას მიერ ერთობლივად გადაღებული ავსტრიული ფილმი Ich seh, Ich seh (მე ვხედავ, მე ვხედავ), რომელსაც ინგლისურენოვან კინოქარავებაში Goodnight Mommy-ის (ღამე მშვიდობისა, დედიკო) სახელწოდებით ჩაეშვა. საოცრად დაძაბული სიუჟეტის მქონე ფილმი, რომელიც დედისა და ვაჟ(ებ)ის რთული ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს, გარდა იმისა, რომ შთამბეჭდავი სცენებით გამოირჩევა, ყოვლად მოულოდნელი დასასრულით მაყურებელი აგონიის მდგომარეობამდეც მიჰყავს.

6. The Witch (2015)

ხომ ყველას მოგვისმენია დემონური ისტორიები, რომელიც ბოროტი ძალის, ეშმაკისა თუ შეპყრობილის შესახებ რელიგიური მოტივებითაა გაჯერებული და მათი სანდობიის აღარავის სჯერა. აი, 2015 წელს გამოსული ფილმი The Witch, რომელიც მეჩვიდმეტე საუკუნეში მცხოვრები ერთი მორწმუნე ოჯახის შესახებ გვიამბობს, ხალხურ მითებზე აგებულ ისეთ დამაჯერებელ ისტორიას აცოცხლებს ეკრანებზე, რომ ავ სულებზე სრულიად ახალი და უფრო ხელშესახები ამბები გექნებათ მოსაყოლი ახლობლებისთვის. თანაც, ერთ რამეს გპირდებით: თუ ფილმს ერთხელ მაინც ნახავთ, თხებს ყოველთვის ეჭვის თვალით შეხედავთ!

5. A Quiet Place (2018)

ფოტო: Paramount Pictures

არც ისე შთამბეჭდავი რეჟისორული გამოცდილების მიუხედავად, ჯონ კრასინსკიმ მოახერხა და ორიგინალური სცენარის დახმარებით საკმაოდ საინტერესო საშინელებათა ჟანრის სურათი შექმნა. რეჟისორობასთან ერთად კრასინსკი ფილმში მთავარ როლსაც ასრულებს, სადაც პარტნიორობას თავისივე ცოლი, ემილი ბლანტი უწევს. წყვილი ერთად სამეცნიერო ფანტასტიკის ელემენტებით გაჯერებულ დრამატულ ოჯახურ ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც მაყურებელს ფილმის დასრულებამდე დაძაბულობისგან სუნთქვის შეკავებას აიძულებს. ამის მიზეზი თავად ფილმის თხრობის ფორმაა - საათ-ნახევრის განმავლობაში პერსონაჟები თითქმის საერთოდ არ საუბრობენ (თუ რატომ, ამას ფილმის ნახვისას გაიგებთ), რის გამოც მაყურებელს ეკრანს მიღმა ნებისმიერი ჩქამიც კი უხერხულობას უქმნის.

4. Hereditary (2018)

ფოტო: A24

ოსკარების დაჯილდოების მიმართ ხომ ყველას თავისი პრეტენზია აქვს: რეჟისორი ქალების არშემჩნევით დაწყებული, ზედმეტად პოლიტკორექტურული გემოვნებით დამთავრებული. აი, მე კი ამ დაჯილდოების სალანძღავად მარტო ის ფაქტიც მეყოფა, რომ კინოაკადემიამ არა მხოლოდ ერთ-ერთი საუკეთესო საშინელებათა ფილმი - Hereditary - არ შეიმჩნია თავის დროზე, არამედ მასში შესრულებული როლისთვის გასაოცარ ტონი კოლეტს ნამდვილად დამსახურებული ნომინაციაც კი არ არგუნა, არადა ფილმში ის ახერხებს მხოლოდ თავისი მიმიკებითაც კი მაყურებელს თხემით ტერფამდე აგრძნობინოს ის სევდა, ბრაზი თუ შიში, რასაც მისი გმირი გრძნობს.

და რის გამო? წლების განმავლობაში გამჯდარი წარმოდგენა, რომ "ჰორორი სერიოზული კინო ვერ იქნება" კინოაკადემიისთვის გადახედვას ჯერ არ ექვემდებარება. თუმცა, სიმართლე რომ ითქვას, ამით უნიჭერესი არი ასტერის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმს არც არაფერი აკლდება: ყველას, ვისაც უყვარს დაძაბული ატმოსფერო თავისი დრამით, ტრაგედიითა და მოულოდნელი სიუჟეტური კვანძებით, აუცილებლად დააფასებს ამ ოსტატურად შესრულებულ სურათს.

3. Climax (2018)

ფოტო: O'Brother Distribution

როცა ამ ფილმზე საუბრობენ, ბევრ დეტალზე ამახვილებენ ყურადღებას, თუმცა იშვიათად ახსენებენ, რომ ის შესანიშნავი საშინელებათა ჟანრის ფილმია. გასპარ ნოემ თანამედროვე სამყაროსთვის დამახასიათებელი სხვადასხვა მნიშვნელობის პრობლემის ეკრანზე გაცოცხლებასთან ერთად მომაჯადოვებელი ფსიქოლოგიური ტერორი მოუწყო მაყურებლებს: ფილმი, თითქოს, ლაღი, ფერადი ტონალობით იწყება, თუმცა ნელ-ნელა მაყურებელი აცნობიერებს, რომ სუნთქვა უხშირდება და ეკრანზე აღბეჭდილი სამყაროსგან შორს გაქცევა უნდება, რადგან იქ ლამის რელიგიური სიზუსტით დაცული ჯოჯოხეთური სცენებია აღბეჭდილი.

2. Us (2019)

ფოტო: Universal Pictures

ჯორდან პილმა მთელი მსოფლიო ჯერ კიდევ თავისი სადებიუტო რეჟისორული ნამუშევრით, ფილმ Get Out-ით აალაპარაკა, რომლის უჩვეულოდ ბასრმა და, ერთი მხრივ, რადიკალურმა სიუჟეტერმა ქარგამ ოსკარის ნომინაციაც კი დაიმსახურა. წელს კი რეჟისორმა თავის თავს ნამდვილად აჯობა: ლუპიტა ნიონგოს, უისტონ დიუკისა და ელიზაბეტ მოსის მონაწილებით გადაღებული ფილმი Us ჰორორის ჟანრის ტრადიციული პრინციპების დაცვით სოციალური უთანასწორობის მარადიული პრობლემის ალტერნატიული ფორმებით გადააზრების საშუალებას გვაძლევს.

1. Midsommar (2019)

ფოტო: A24

რეჟისორი არი ასტერი ნამდვილად იმსახურებს, რომ ამ ჩამონათვალში ორჯერ მოხვდეს და ეს სიაც მისმა ფილმმა დააგვირგვინოს. Hereditary-ის შემდეგ განსაკუთრებით დიდი იყო მისი ახალი ფილმის მიმართ მოლოდინი, რომელსაც თან მიამიტური შიშიც ახლდა, რადგან არავის სურდა იმედები გაეცრუებინა და მხოლოდ ერთი კარგი ფილმის რეჟისორად დარჩენილიყო. თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, ეს ასე არ მოხდა და 2019 წელს თავისი ახალი ფილმით Midsommar კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ ჯერ კიდევ რამდენი აღმოუჩენელი შესაძლებლობა აქვს კინოხელოვნებაში ჰორორის ჟანრს.

* შენიშვნა: სია, რა თქმა უნდა, ერთი რიგითი მაყურებლის მიერ ნანახი ფილმებიდანაა ამორჩეული და ის არ მოიცავს კიდევ იმ მრავალ კინოსურათს, რომელთა ნახვაც ჯერ ვერ მოვასწარი. ასევე ნუმერაცია ძირითადად ქრონოლოგიის მიხედვითაა განსაზღვრული და არა ცუდიდან უკეთესისკენ მნიშვნელობით.