პარტია გირჩის ლიდერი ზურა ჯაფარიძე "ფერადი ტაქსით" მუშაობის გამო პატრულმა 200 ლარით დააჯარიმა. დღეს, პირველ ოქტომბერს რეგულაციის ამოქმედებიდან პირველ დღეს ჯაფარიძემ თბილისში "ფერადი ტაქსით" მუშაობა დაიწყო. იგი თბილისის ცენტრალურ ქუჩებში მოძრაობდა იმის შესამოწმებლად, დააჯარიმებდნენ თუ არა. ფეისბუქ ლაივის დროს ერთ კლიენტსაც მოემსახურა. როგორც ვიდეოში ისმის, მისგან "სიმბოლური ანაზღაურება" მიიღო.

ჯაფარიძის კომენტარს პარტია გირჩი ავრცელებს, სადაც წერია, რომ ჯარიმის გამოსაწერად იგი პატრულმა გააჩერა:

"ჩემი აზრით, ეს რეგულაცია არის იდიოტობა იმიტომ, რომ არღვევს ადამიანების საკუთრების უფლებას. სახელმწიფოს არ ესაქმება არაფერი იმაში, ადამიანი თეთრი მანქანით იტაქსავებს თუ შავით, ტრაფარეტი ეყენება თუ არა და ა.შ. ჩემი აზრით, ეს არის სერიოზული მავნებლობა და მე გადავწყვიტე, ეს რეგულაცია სპეციალურად დამერღვია. დღეს დილით ვიყიდე ტრაფარეტი, ჩემს შავ მანქანაზე დავიდგი და თბილისის ქუჩებში დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში დავდიოდი. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ასე არ დამთავრდება - მოფიქრებული მაქვს კონკრეტული გზა როგორ შეიძლება "გავღუნოთ" ეს რეგულაცია — კალაძე ამ ომს ვერ მოიგებს".

თბილისის მერიის ახალი რეგულაციით, ტაქსის მომსახურებას კლიენტებს ვეღარ გაუწევენ სამკარიანი და მარჯვენასაჭიანი და თეთრის გარდა სხვა ფერის ავტომობილები. გარდა ამისა, ტაქსით მომსახურების შესაბამისი ლიცენზიის გარეშე განხორციელება 200 ლარით ჯარიმდება.

მერიის რეფორმებს ტაქსის მძღოლების აქციები მოჰყვა, ისინი ამბობდნენ, რომ თეთრად გადაღებვის შემთხვევაში ხარჯი მერიის მიერ გადაცემული ვაუჩერით სრულად ვერ იფარებოდა. გარდა ამისა, მათი განმარტებით, გადაღებილი მანქანის ფასი გადაუღებავთან შედარებით დაბალია. ამის შემდეგ მერიამ მძღოლებს გადაღების ნაცვლად ფირი გადაკვრა შესთავაზა.