გირჩის ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ პოლიციის სამმართველოში დაშინების მიზნით დაიბარეს. კერძოდ, ის აღნიშნავს, რომ შსს-დან მას შემდეგ დაუკავშირდნენ, რაც პირველ ოქტომბერს ტაქსების რეგულაცია გააპროტესტა.

"ძალიან მწარედ მოხვდათ და ამან გააღიზიანათ. მთელი დღის განმავლობაში გვიკავშირდებოდნენ ტაქსისტები და გვთხოვდნენ, აქციეს დაორგანიზებას. მგონია, რომ ეს არის დაშინების მცდელობა. არა ჩემი, არა ვახოსი, არა იაგოსი, არამედ სხვა ადამიანების, მათ შორის ტაქსის მძღოლებს. ვაიდა, ჩვენ გადავწყვიტოთ აქციების დაორგანიზება, მათ შეეშინდეთ ჩვენთან აფილირება. სხვა ახსნა ბუნებაში არაა", — თქვა ზურა ჯაფარიძემ.

გირჩის წევრების თქმით, შსს-ში ოფიციალურ მიზეზად უთხრეს, რომ 2018 წელს კანაფის ფესტივალის საქმის დახურვის მიზნით იბარებდნენ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ამბობს, ფესტივალის საქმეზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ამ დრომდე არავინ დაკავშირებია. მისი აზრით, პოლიციაში დაბარება, ზოგადად, გირჩის დაშინებას უკავშირდება.

"შეიძლება ეს იყოს შეშინება ნებისმიერ საკითხზე, თან გუშინ დამეთხვა ტაქსის თემა, რომელიც, როგორც ჩანს, მწარედ მოხვდათ. მანამდე არის ბიბლიური თავისუფლება, რომელიც სხვა მინისტრს ყელში აქვს გაჩხერილი. უფრო მგონია, რომ სხვა მხარდამჭერების დაშინების მცდელობაა", — თქვა იაგო ხვიჩიამ.

პირველ ოქტომბერს ტაქსების რეგულაციის ამოქმედებიდან პირველ დღეს ჯაფარიძემ თბილისში "ფერადი ტაქსით" მუშაობა დაიწყო. იგი თბილისის ცენტრალურ ქუჩებში მოძრაობდა იმის შესამოწმებლად, დააჯარიმებდნენ თუ არა. მოგვიანებით, გირჩის ლიდერი პატრულმა 200 ლარით დააჯარიმა. მისი აზრით, ახალი რეგულაცია ადამიანის საკუთრების უფლებას არღვევს.