ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, საქართველოში კონკორდატი მისი ინიციატივით გაფორმდა. ამის შესახებ მან მორიგ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონკორდატს ხელი 2002 წელს მოეწერა ხელი.

"ტრადიციულობა და ქართული ღირებულებების პატივისცემა ყოველთვის იყო ის, რასაც მთელი ცხოვრება ვაკეთებდი. ვიღაცები ამბობენ, სააკაშვილმა ახლა აღმოაჩინაო. უკაცრავად!.. საქართველოში კონკორდატი გაფორმდა ჩემი ინიციატივით, როდესაც მე ვიყავი იუსტიციის მინისტრი. ჩემი ინიციატივით შემოვიდა ხუთჯვრიანი ქართული დროშა", — ამბობს სააკაშვილი.

ამავე ვიდეომიმართვაში სააკაშვილმა ისევ ისაუბრა ტრადიციების პატივისცემაზე. როგორც ის ამბობს, მისი მმართველობის პერიოდში ძალიან ბევრი ტრადიცია აღდგა.

მიხეილ სააკაშვილმა 29 სექტემბერს განაცხადა, რომ ყოფილ თანაგუნდელთან და ევროპული საქართველოს ლიდერ გიგა ბოკერიასთან ფუნდამენტური განსხვავება აქვს, რადგან ჯვარს ატარებს. მან, ასევე, რელიგიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და გიგა ბოკერიას ბრალს დასდო "ტრადიციული, ქართული, ქრისტიანული ფასეულობებისაგან დისტანცირებაში".

სააკაშვილის ამ განცხადებას კრიტიკულად შეხვდნენ როგორც ევროპულ საქართველოში, ისე ნაციონალურ მოძრაობაში. განცხადების გამო ნაციონალური მოძრაობა ნინო ლაპიაშვილმა დატოვა.

ყოფილი პრეზიდენტის თანაგუნდელმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ "ჩვენს გენში ზის ტრადიციები და მას ვერანაირი ლიბერალური მიდგომით ვერ ამოშანთავ". გრიგოლ ვაშაძემ კი აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობა ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტიაა.