"მე გეუბნებით, რომ ვერ გეუბნებით", — ასე უპასუხა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების საქმეებზე დასმულ ჟურნალისტების შეკითხვებს. დღეს, 5 ოქტომბერს პრეზიდენტი თბილისობის დღესასწაულზე გამოჩნდა. On.ge-ს ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას იტყოდა ის არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირში მსჯავრდებულის ციხიდან გამოშვებაზე, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ "არ არის ასე". დამატებით კითხვებზე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ახსნა-განმარტების უფლება მას არ აქვს:

"მე გეუბნებით, რომ ვერ გეუბნებით. არ მაქვს ამისი უფლება. ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა. ამ ყველაფერზე ახსნა-განმარტების მიცემის უფლება არ გამაჩნია და შეგიძლიათ მომკლათ".

სალომე ზურაბიშვილის შეწყალებულთა სია გასაიდუმლოებულია, თუმცა რადიო თავისუფლების მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციით გაირკვა, რომ მათ შორისაა, როგორც მკვლელობისთვის, ქურდობითვის, ისე არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირში ბრალდებულიც.

პატიმრების შეწყალება

პრეზიდენტის მიერ შეწყალების სისტემის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ბოლო რამდენიმე კვირაში არაერთი კითხვა დაისვა. 17 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილმა მარიამობას მკვლელობაში მსჯავრდებული კიდევ ერთი პირი, ზურაბ ნადირაძე შეიწყალა. მის ექსტრადიციას საქართველოს მთავრობა 23 წლის განმავლობაში ითხოვდა.

მანამდე ინფორმაცია გავრცელდა, რომ ზურაბიშვილმა 18 წლის დათო ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. ბეჟანიძე 2016 წლის მარტში დააკავეს და 11 წელი ჰქონდა მისჯილი.

ამასთანავე, პრეზიდენტმა შეიწყალა პირი, რომელიც ბათუმში პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იყო მსჯავრდებული. პოლიციელის მკვლელობისთვის რამაზ დევაძეს 2015 წლის 18 სექტემბერს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

18 სექტემბერს ევროპულ საქართველოში ბრიფინგი გაიმართა, სადაც ირმა ნადირაშვილმა თქვა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალებასთან დაკავშირებული საქმეები უშუალოდ საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას შუამდგომლობით გვარდება. 20 სექტემბერს კი პროკურატურამ სალომე ზურაბიშვილის მიერ პატიმრების შეწყალების საქმეზე გამოძიება დაიწყო და გამოკითხვაზე ნადირაშვილი დაიბარა.

ამ ბრალდებასთან დაკავშირებით გაბუნიამ თქვა, რომ შეწყალების საქმესთან მას კავშირი არ აქვს. მოგვიანებით კი განაცხადა, რომ შესაწყალებელთა სია ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ შეადგინა.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას კრიტიკით შეხვდნენ როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები. ამასთანავე, მკვლელობისთვის მსჯავრდებულთა შეწყალება მიუღებელი აღმოჩნდა მმართველი პარტიის დეპუტატებისთვის. რამდენიმედღიანი კრიტიკის შემდეგ პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, რომ შეწყალების უფლება დაიხვეწოს. 18 სექტემბერს მან შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.