"ცოტას დავისვენებ. სამსახურის მოძებნა არ გამიჭირდება, არც საჯარო და არც კერძო სექტორებში", — ამის შესახებ ქართული ოცნების წევრმა, ვანო ზარდიაშვილმა პარლამენტში დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ განცხადების შემდეგ თქვა. მისივე თქმით, 2020 წლის საპარლამენტო სიაში ის აღარ იქნება.

როგორც ზარდიაშვილი ირწმუნება, გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო და ეს ეკა ბესელიას არ უკავშირდება:

"არცერთ შემთხვევაში ეს არ უკავშირდება მაგ ქალბატონს. პირიქით, მაგ ქალბატონს რომ უკავშირდებოდეს ჩემი გადადგომა, არ გადავდგებოდი და არ წავიდოდი".

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტის დეპუტატი 2016 წელს გახდა. არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია მას ე.წ. სასამართლო კლანის ნაწილად მოიხსენიებს. მისი ყოფილი თანაგუნდელი ეკა ბესელია კი ამტკიცებს, რომ ის მოსამართლეთა პირველი ათკაციანი სიის გატანას ცდილობდა პარლამენტში.

როცა ბესელიამ მოსამართლეთა სიის გამო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა, განაცხადა, რომ ზარდიაშვილის გადადგომას ელოდებოდა, რადგან არ სურდა მისთვის თანამდებობის დატოვება. ამის შემდეგ დეპუტატებს შორის ურთიერთბრალდებებმა და დაპირისპირებამ იმატა. ზარდიაშვილი ამბობდა, რომ პარლამენტიდან წავიდოდა, თუ ბესელიაც იტყოდა უარს მანდატზე.

რამდენიმე დღის წინ, 26 სექტემბერს პარლამენტში, სადაც უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატს უსმენდნენ, ბესელიასა და ზარდიაშვილს შორის კონფლიქტი მოხდა. ზარდიაშვილმა მოსამართლეების მოსმენის დროს ახსენა სიტყვები "ბესელიას მორალი", რის გამოც ბესელია მას ხელით შეეხო.

"ამ არარაობასთან არაფერი საქმე არა მაქვს. მას, რა თქმა უნდა, თავი არ უნდა გაუყადრო ადამიანმა, მაგრამ არც იმას არ ვაპირებ, ის შეურაცხყოფები რაც მესმოდა, უკაცრავად ამ სიტყვისთვის, გავატარო", — განაცხადა ბესელიამ კონფლიქტის შემდეგ.

მომხდარში თავის დანაშაულს ვერ ხედავდა ზარდიაშვილიც. ინციდენტის შემდეგ მან მომხდარი სექსისტურად შეაფასა, როცა ტელეკომპანია პირველის წამყვანს ჰკითხა: "როგორც ქალს და როგორც მანდილოსანს, სუსტი სქესის წარმომადგენელს, ობიექტურ ჟურნალისტს, თქვენ მოგეწონათ ბესელიას დღევანდელი საქციელი?"

გარდა ამისა, ზარადიაშვილი ამტკიცებდა, რომ ჰქონდა კომპრომატები ეკა ბესელიას წინააღმდეგ, რომელსაც საზოგადოებას წარუდგენდა. ის მიწვეული იყო ტელეკომპანია იმედის ეთერში სტუმრად ამ საკითხზე სასაუბროდ, თუმცა როგორც წამყვანმა, ნანა ლეჟავამ განაცხადა, დეპუტატმა გადაცემის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე თქვა უარი ჩაწერაზე. მისი თქმით, ზარდიაშვილი კომპრომატებს ჯერ კიდევ აგროვებდა.