დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მოსახლეობას ახალი ავტობუსების შემოყვანა მიულოცა. პირდაპირ ჩართვაში, რომელიც მის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა, კალაძე ამბობს, რომ ესაუბრა მოქალაქეებს, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობენ და "ყველა არის ბედნიერი და გახარებული".

"მე მიხარია ის, რომ მგზავრები, მოსახლეობა, ვინც სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით არის ბედნიერი, არის გახარებული. იმიტომ, რომ აქ [წყნეთში] გადადგილდებოდა ყვითელი ავტობუსები, რომლის მდგომარეობა ყველამ ძალიან კარგად ვიცით... გილოცავთ ყველას, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაზე არ უნდა გავჩერდეთ", — განაცხადა კალაძემ.

9 ოქტომბერს თბილისის მერმა კახა კალაძემ ავტობუსების პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ შეძენილი 220 ერთეულიდან 60 უკვე თბილისშია და ისინი მოემსახურებიან მოსახლეობას. ISUZU-ს მარკის ავტობუსი 53 მგზავრზეა გათვლილი, აქვს 21 დასაჯდომი ადგილი და ადაპტირებულია. თბილისის მერიის ცნობით, ავტობუსში განთავსებულია WiFi მოდემი.

რამდენიმე დღის წინ კალაძემ მოსახლეობას, რომელსაც მომავალში ტაქსის ტარიფის ზრდა შეაწუხებს, განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა ურჩია. მოგვიანებით მან განმარტა, რომ ეს არ უგულისხმია და მისი მიზანია საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმდენად კარგი გახდეს, რომ ტაქსის ნაცვლად ხალხმა მეტრო და ავტობუსი აირჩიოს.

პირველი ოქტომბრიდან თბილისის ქუჩებში მგზავრის აყვანა მხოლოდ ლიცენზიის მქონე თეთრი ფერის მანქანებით არის შესაძლებელი. ამ რეგულაციის ამოქმედების შემდეგ ქალაქში მოძრავი ტრანსპორტის რაოდენობა შემცირდა და რიგ შემთხვევებში გაიზარდა ტაქსის ღირებულებაც. ამავდროულად მეტროში გაიზარდა ხალხის რაოდენობა.