აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება სირიის ჩრდილოეთიდან ჯარების გაყვანის შესახებ რეზოლუციით გააპროტესტა.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ თურქეთმა სირიაში სამხედრო მოქმედებები უნდა შეწყვიტოს. კონგრესმენები, ასევე, მოუწოდებენ თეთრ სახლს, რომ ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს განადგურების გეგმა წარადგინოს.

ჯარების გაყვანის შესახებ გადაწყვეტილება კონგრესში გააკრიტიკეს როგორც დემოკრატებმა, ისე რესპუბლიკელებმა. ისინი რეგიონში ჯიჰადისტური მოძრაობის აღდგენას შიშობენ.

თვითონ დონალდ ტრამპს იმედი აქვს, რომ თურქეთი და სირია კონფლიქტის გადაჭრის გზებს იპოვიან. 17 ოქტომბერს ანკარაში აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი შეხვდებიან ერთმანეთს. მათ სირიაში მიმდინარე საომარი მოქმედებები უნდა განიხილონ.

9 ოქტომბერს თურქეთმა სირიაში, სასაზღვრო ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებები სირიელი ქურთების წინააღმდეგ დაიწყო. თურქეთის ხელისუფლება ამ ოპერაციას "მშვიდობის წყაროს" უწოდებს. თურქეთი ოპერაციის მიზნად ქურთებისგან ტერიტორიის გათავისუფლებას და იქ ე.წ. უსაფრთხო ზონის შექმნას ასახელებს.

ანკარას მოქმედებები ვაშინგტონმა გააკრიტიკა, თუმცა ჩარევას არ აპირებს. ამასთანავე, აშშ-მ ქურთებზე თავდასხმის გამო თურქეთს სანქციები დაუწესა.