სპეცრაზმელი ლევან იმერლიშვილი 20 ივნისის საქმეზე დანაშაულს აღიარებს. ამის შესახებ დღეს, 17 ოქტომბერს ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა განუცხადა.

მას აღკვეთის ღონისძიებად ამ დრომდე გირაო 10 ათასი ლარის ოდენობით ჰქონდა შეფარდებული, თუმცა მოსამართლემ ამ გირაოს ქონებით უზრუნველყოფაზე მიიღო გადაწყვეტილება.

ლევან იმერლიშვილი ერთ-ერთია იმ სამართალდამცავებს შორის, რომელმაც 20 ივნისის ღამეს რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლის გასაპროტესტებლად რუსთაველზე შეკრებილ აქციის მონაწილეებზე იძალადა. აქციის ძალის გადამეტებით დაშლის გამო რამდენიმე ათეული ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორმა თვალი დაკარგა.

20 ივნისის საქმეზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. საგამოძიებო უწყებამ დაზარალებულად 67 სამართალდამცავი და 4 მოქალაქე ცნო. ამავე საქმეზე ბრალი წაუყენეს 3 სამართალდამცავსა და 17 მოქალაქეს.