სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები სოფელ ატოცში უკანონო ბორდერიზაციის პროცესს ახორციელებენ.

უწყების ცნობით, ამასთან დაკავშირებით გააქტიურებულია "ცხელი ხაზი" და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

"რუსეთის საოკუპაციო ძალები აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. ამჟამად, ისინი უკანონო ბორდერიზაციის პროცესს ახორციელებენ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს", — აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.