ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი მოსკოვის თეატრ "ნიკიტკის კარიბჭეს" მასპინძლობს. მესხიშვილის თეატრის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გასტროლების ფარგლებში სცენაზე ორი სპექტაკლის ჩვენებაა დაგეგმილი. სპექტაკლები დღეს და ხვალ, 19 და 20 ოქტომბერს, 19:00 საათზე გაიმართება.

მოსკოვის თეატრის საქართველოში ჩამოსვლას ადგილობრივი აქტივისტები გააპროტესტებენ. როგორც მოძრაობა რუსეთი ოკუპანტიას წევრმა, ნიკა დეისაძემ On.ge-ს უთხრა, აქცია 19:00 საათზე, მესხიშვილის თეატრის წინ გაიმართება.

მესხიშვილის თეატრის დირექტორი, სულხან გოგოლაშვილი რეგინფოსთან ამბობს, რომ მოსკოვის თეატრი ქუთაისში მათი მიწვევით იმყოფება იმ მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც რუსეთის, საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და ბელორუსის თეატრებს შორის არის გაფორმებული.

"ჩვენც დავდივართ სხვა ქვეყნებში, ყველგან, გარდა რუსეთისა, თუმცა, რუსეთის თეატრი მივიღეთ... სამოქალაქო აქტივისტებს თავიანთი საქმე აქვთ, მაგრამ ჩვენ არ ვებრძვით კულტურულ სპორტულ, ტურისტულ რუსეთს. მაშინ, ამავე მიზეზით ჩვენი მსახიობები, მომღერლებიც არ უნდა ჩადიოდნენ რუსეთში — რეზო გაბრიაძე, ნინო ქათამაძე და სხვები. ჩვენ გვებრძვის ოკუპანტი რუსეთი. კულტურული რუსეთი არ არის ჩვენი მტერი და სახალხო დიპლომატიით ცდილობენ ურთიერთობების გაღრმავებას, ნორმალიზებას", — ამბობს თეატრის დირექტორი.