"ისე გამოდის სიტუაცია, რომ ყველაფრისთვის მზად ვარ", — ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პროკურატურისთვის ე.წ. მუქარის წერილის გადაცემაზე საუბრისას თქვა. მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატებმა დღეს, 21 ოქტომბერს განაცხადეს, რომ პროკურატურას სავარაუდო მუქარის წერილის დედანს გადასცემენ.

"არ ვიცი უკვე, ამას როგორ ვუპასუხო. ისე ვითარდება ეს ყველაფერი, ერთხელ ვთქვი, რომ ჯერ დაველოდები, რას იტყვიან და მერე გავაკეთებ კომენტარს-მეთქი. ახლა ისე გამოდის სიტუაცია, რომ ყველაფრისთვის მზად ვარ", — განაცხადა პრემიერმა.

ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ წერილზე 17 ანაბეჭდია აღმოჩენილი და ახლა პროკურატურამ ეს ანაბეჭდები უნდა შეადაროს ბაზას და ადამიანები, რომელთა ანაბეჭდებიც წერილზე აღმოჩნდება, გამოკითხოს.

მუქარის წერილი და ბრალდება გიორგი გახარიას

გიორგი გახარიასგან სავარაუდო მუქარის წერილის მიღების შესახებ თიბისი ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ 4 მარტს პარლამენტში გამოსვლის დროს ისაუბრა. ამ პერიოდში გახარია ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა მინისტრი. წერილთან დაკავშირებით პროკურატურამ მამუკა ხაზარაძე სასამართლოში გამოკითხა.

ხაზარაძე-ჯაფარიძე ამბობენ, რომ პროკურატურას წერილის ასლი გადასცეს, რომელიც უწყებამ მოგვიანებით გაასაჯაროვა. დოკუმენტის მიხედვით, ხაზარაძეს სამ პირობის შესრულებას სთხოვდნენ:

  • პირველი — ტელეკომპანია პირველმა შეიცვალოს სარედაქციო პოლიტიკა და ტელეკომპანია იმედის მსგავსად ჩაერთოს ომში ოპოზიცის წინააღმდეგ;
  • მეორე — ხაზარაძემ გააკეთოს განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის რევანში და ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ წინა ხელისუფლების პირობებში;
  • მესამე — ტელეკომპანია არტარეა, რომელიც ხაზარაძის საკუთრებაა, "დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი".

გარდა ამისა, ტელეკომპანია პირველის დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი ფიგურირებდა თიბისი ბანკის საქმეში. კერძოდ, ის იყო კომპანიების სამგორი ემისა და სამგორი თრეიდის მფლობელი. სწორედ ამ კომპანიებზე გასცა და უკან ისესხა ფული თიბისი ბანკმა.

9 მარტს რუსთავი 2-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხაზარაძეს გახარიას წერილი, სავარაუდოდ, ბადრი ჯაფარიძემ გადასცა. როგორც ტელეკომპანია აცხადებდა, ამ ინფორმაციას ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებდნენ. შაბათის კურიერის მტკიცებით, გიორგი გახარია და ბადრი ჯაფარიძე თბილისში ერთმანეთის მეზობლები არიან.

მამუკა ხაზარაძემ ეს ვარაუდი უარყო და განაცხადა, რომ ჯაფარიძე შუამავალი ვერ იქნებოდა, რადგან ისინი ერთ მხარეს დგანან.