2017 წელს ოფიციალურად დადასტურდა, რომ Amazon ბეჭდების მბრძანებლის სამყაროს შესახებ სერიალს გადაიღებდა. მას შემდეგ ამ პროექტის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია ვრცელდება მედიაში და აქამდე მხოლოდ მისი შემოქმედებითი გუნდისა და ბიუჯეტის შესახებ თუ ვიცოდით ინფორმაცია.

ჯერ-ჯერობით უცნობია სერიალის ძირითადი სამსახიობო გუნდის წევრების ვინაობაც, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ერთ-ერთ როლზე ჯოზეფ მოული დაამტკიცეს. ის, ალბათ, ყველას გახსოვთ სერიალ Game Of Thrones-დან, სადაც ჯონ სნოუს ბიძის, ბენჯენ სტარკის როლს ასრულებდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის, სავარაუდოდ, ბეჭდების მბრძანებლის სერიალში მთავარი ბოროტმოქმედი პერსონაჟის როლს შეასრულებს.

მომავალი სერიალის სცენარი ჩვენთვის აქამდე ცნობილი ფილმების ტრილოგიის სიუჟეტიდან ათასწლეულობით ადრე განვითარებულ მოვლენებზე მოგვითხრობს.