ტვიტერის თანადამფუძნებელმა და CEO-მ ჯეკ დორსიმ განაცხადა, რომ პლატფორმაზე პოლიტიკური რეკლამები აღარ გამოჩნდება.

"გადავწყვიტეთ, რომ ტვიტერზე მსოფლიოს მასშტაბით შევწყვიტოთ პოლიტიკური რეკლამების განთავსება. გვჯერა, რომ პოლიტიკური მესიჯების ხელმისაწვდომობა გამომუშავებული უნდა იყოს და არა — ნაყიდი", — დატვიტა მან.

"პოლიტიკური მესიჯი ხალხამდე მიდის, როდესაც ისინი ირჩევენ, რომ კონკრეტული ანგარიში გამოიწერონ, ან გადატვიტონ. გავრცელების ყიდვა ამ გადაწყვეტილებას აუქმებს და მიზნობრივი პოლიტიკური მესიჯები საზოგადოებამდე იძულებით მიაქვს. ეს გადაწყვეტილება ფულით არ უნდა იყოს კომპრომისირებული", — დასძინა მან.

ტვიტერის მომხმარებლების დიდმა ნაწილმა დორსის გადაწყვეტილება მოიწონა, დონალდ ტრამპის კამპანიის მენეჯერმა, ბრედ პარსკალმა კი გადაწყვეტილება გააკრიტიკა:

"ტვიტერმა ასობით მილიონ დოლარ შემოსავალზე თქვა უარი, რა სულელური გადაწყვეტილებაა. ტვიტერი ლიბერალური მედიის გამოცემებსაც აუკრძალავს რეკლამებს? ისინი გადაუმოწმებელი ინფორმაციებით ესხმიან თავს რესპუბლიკელებს. ეს კონსერვატორების გაჩუმების მორიგი მცდელობაა, რადგან ტვიტერმა იცის, რომ პრეზიდენტი ტრამპს ყველაზე დახვეწილი ონლაინ პროგრამა აქვს ისტორიაში".

დორსის თქმით, ტვიტერი გადაწყვეტილებაზე მეტ დეტალს 15 ნოემბერს გაასაჯაროებს, ხოლო პოლიტიკური რეკლამები პოპულარულ სოციალურ ქსელზე 22 ნოემბრიდან აიკრძალება.