ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ პატრიარქს დაიცავენ. ბრეგაძე არ განმარტავს, თუ ვისგან სჭირდება პატრიარქს დაცვა, თუმცა ამბობს, რომ მის წინააღმდეგ მღვდელმთავრების ნაწილი იბრძვის.

"ვალდებულები ვართ, ეს ჩვენი მოვალეობაა, რომ დავიცვათ პატრიარქი. ჩვენ გამოვალთ, ვიქცევით უბრალო რიგით ჯარისკაცებად, კარისკაცებად, მცველებად, რაც გინდათ ის დაგვარქვით და ვიქნებით პატრიარქის გვერდით", — განაცხადა მან ტელეკომპანია პირველის ეთერში.

ბრეგაძემ სინოდის წევრების ნაწილი ავაზაკებად მოიხსენია და აღნიშნა, რომ ისინი კლანებს ქმნიან. მისი თქმით, სინოდიდან მღვდელმთავრების ნაწილი უნდა გაიწვიონ და ისინი მორწმუნე ბერებით ჩაანაცვლონ.ს

დღევანდელი სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ ეკლესიაში მამათმავლობის ცოდვის მხილების გამო ილია მეორემ მღვდელმთავრობიდან გადააყენა. მოგვიანებით კი აღნიშნა, რომ თავად პატრიარქია "პიდარასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი". მოგვიანებით მეუფემ განმარტა, რას ნიშნავს სიტყვა "პიდარასტია" და პატრიარქი "ჭაბუკების გახრწნაში" დაადანაშაულა.

სინოდის განცხადებით, მეუფე პეტრეს ცოდვის მოუნანიებლობის გამო შეუჩერეს მღვდელმსახურების უფლება და მონასტერში წასვლისკენ მოუწოდეს.

მასალაში გამოყენებული მეუფე პეტრეს შეფასება გამოხატულია ჰომოფობიური სიტყვებით, თუმცა მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე On.ge მის სიტყვებს უცვლელად გთავაზობთ.