ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი LBC-თან ინტერვიუში ამბობს, რომ კარგად ესმის სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლის.

"მე ვნახე მისი ინტერვიუები და ვხედავ, რომ ყველაფერს პერსონალურად იღებს. ალბათ ცოტა სხვანაირი უნდა იყოს, მაგრამ ის ძალიან, ძალიან პირადად იღებს ყველაფერს და მე მისი მესმის. მას [მეგანს] არ ვიცნობ, შევხვდი ჰარის და ის საოცარი კაცია. ჩვენ ხუთი თვის წინ შევხვდით, როგორ მიფრინავს დრო. ჰარი და მთელი [სამეფო] ოჯახი განსაკუთრებულნი არიან".

მეგანი ბრიტანული ტაბლოიდების მთავარი სამიზნე გახდა, მას შემდეგ, რაც პრინც ჰარისთან დაიწყო ურთიერთობა. ცოტა ხნის წინ, მარკლმა პირადი წერილის გამოქვეყნების გამო ბრიტანულ ტაბლოიდს უჩივლა. გარდა ამისა, სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ ინტერვიუ ITV-ს დოკუმენტური ფილმისთვის ჩაწერეს, სადაც ისაუბრეს, როგორ გაართულა მათი ცხოვრება მედიის უსამართლო დამოკიდებულებამ.

ტრამპმა, ზაფხულში, სანამ გაერთიანებულ სამეფოს ეწვეოდა, მეგან მარკლს "საზიზღარი უწოდა", შემდეგ მან ეს შეფასება უარყო, იმის მიუხედავად, რომ მისი სიტყვების ჩანაწერი არსებობს. თავად მეგან მარკლმა, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ტრამპს ქალთმოძულე უწოდა და განაცხადა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში კანადაში გადავიდოდა საცხოვრებლად.