პროპორციულ წესზე გადასვლის კენჭისყრა პარლამენტმა ისევ გადადო. ეს სურვილი უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოსლკიმ გამოთქვა და პარლამენტის წევრები დაეთანხმნენ.

პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ გადაწყვეტილება საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად მიიღო. სხდომა ხვალ, 14 ნოემბერს, 12 საათზე განახლდება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კვლავ ვერ შეთანხმდნენ, რომ მხარი დაუჭირონ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც საქართველოში 2020 წლის არჩევნებიც მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდება. ამას ეწინააღმდეგებიან ის დეპუტატებიც, ვინც თვითონ არიან ამ კანონპროექტის ავტორები, მათ შორის არიან დიმიტრი ხუნდაძე და ირაკლი შიოლაშვილი.

საკონსტიტუციო ცვლილებისთვის, რომელსაც მოქალაქეები რამდენიმეათასიან აქციაზე ითხოვდნენ, კენჭი გუშინ, 12 ნოემბერს უნდა ეყარათ. გუშინაც ვოლსკი იყო ინიციატორი კენჭისყრა უმრავლესობის სხდომის შემდეგ ჩატარებულიყო. დღეს უმრავლესობის სხდომა ჩატარდა, თუმცა უმრავლესობის დეპუტატებმა, რომლებიც მხარს არ უჭერდნენ, აზრი არ შეიცვალეს.