ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობის სხდომა აქციის მონაწილეების სტვენისა და შეძახილების ფონზე მიმდინარეობს. პარტიის ლიდერების შეკრება დღეს, 16 ნოემბერს 11 საათზე უნდა დაწყებულიყო, მანამდე კი ადგილზე მივიდნენ სამოქალაქო მოძრაობა ქვეყნის სამსახურშის წევრები.

აქციის მონაწილეებს შორისაა ევროპული საქართველოს დეპუტატი, ელენე ხოშტარია. ისინი უმრავლესობის წევრების მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ. სწორედ ეს პროექტი იყო ბიძინა ივანიშვილის დანაპირები ივნისის აქციების დროს.

პოლიციამ ქართული ოცნების ოფისი კორდონით შემოსაზღვრა. ადგილზეა საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძეც. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ მოქალაქეებს აქციის მშვიდობიანად გამართვის უფლება აქვთ, თუმცა შენობის პიკეტირების ნებას ვერ მისცემს.

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge

პარლამენტთან ფართომასშტაბიანი პროტესტი დაიწყო მაშინ, როცა უმრავლესობამ პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდო. ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შესრულდა და საზოგადოებამ პასუხები მოითხოვა.

ქართული ოცნების წინააღმდეგ მთელი პოლიტიკური სპექტრი გაერთიანდა. ისინი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ, რომელიც პროპორციული წესით და გარდამავალი მთავრობის პირობებში უნდა ჩატარდე.

ქართულ ოცნებას უპირისპირდება პატრიოტთა ალიანსიც, თუმცა საერთო პროტესტისგან გამიჯნულად.