საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, რევაზ არველაძე პარლამენტში არ შეუშვეს. ის პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან მივიდა, თუმცა, აქტივისტებმა მას შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს.

ქართული ოცნების დეპუტატმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ხმაურისა და შეძახილების ფონზე დატოვა. აქციის მონაწილეებს პარლამენტის ყველა შესასვლელი კვლავ პიკეტირებული აქვთ.

პარლამენტის შენობა ბლოკირებულია. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ არ შეუშვებენ არც ერთ დეპუტატს. შესასვლელებში გაიშალა კარვები და ჩააწყეს ქვიშის ტომრები, ევროპულმა საქართველომ ყველა შესასვლელ ჭიშკარს სიმბოლურად ბოქლომი დაადო.

აქცია თბილისის ქუჩებში მას შემდეგ იმართება, რაც ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შესრულდა. მმართველმა პარტიამ ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლითაც ქვეყანაში 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. მმართველი პარტიის ამ გადაწყვეტილებამ ოპოზიციური პარტიები საერთო მოთხოვნის ირგვლივ გააერთიანა. მოთხოვნას იზიარებენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და მოძრაობა #სირცხვილია.