რუსთაველზე პროპორციული არჩევნების მოთხოვნით აქციებია, უმრავლესობის წევრს, დიმიტრი ხუნდაძეს კი სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლა უნდა. მოსაზრება დეპუტატმა თავის ფეისბუქგვერდზე გაავრცელა.

ხუნდაძეს ჰგონია, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა ამომრჩეველს დააბნევს, რადგან ვერ განსაზღვრავს, რა ავტორიტეტის ადამიანი დგას ამ პარტიის უკან:

"საარჩევნო სისტემის ერთ-ერთი უმთავრესი ღირსება ამომრჩევლისთვის მისი სიცხადე და იოლად შეცნობადობაა. ჩვენ კი, სრულად პროპორციული სისტემის შემოღებით, არჩევნები პარტიებამდე დავიყვანეთ და საარჩევნო პროცესი ამომრჩევლისთვის მაქსიმალურად ბუნდოვანი გავხადეთ, რადგან ეს საარჩევნო სისტემა აბსოლუტურ დოგმად მივიჩნიეთ".

ხუნდაძე ამბობს, რომ 2024 წლის არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებაში "საამაყო არაფერია" და პირიქით, "სინანულს უნდა განვიცდიდეთ", რადგან სტრატეგიული შეცდომაა.

"სწორედ მაჟორიტარული სისტემა იძლევა საშუალებას, რომ გამარჯვებული კანდიდატი, რომლსაც ხალხი საკუთარ ნდობასა და მანდატს გადასცემს, იყოს უფრო ანგარიშვალდებული და მეტად დამოუკიდებელი, განსაკუთრებით, პარტიული ამოცანებისა და მიზნებისაგან და, შესაბამისად, გამოხატავდეს და ახორციელებდეს ხალხის ინტერესებს", — განმარტავს ის.

მისი თქმით, ამ არგუმენტების გათვალისწინებით, მაჟორიტარების ჯგუფმა გადაწყვიტეს დაიწყონ ხელმოწერების შეგროვება სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასასვლელად საკანონმდებლო ინიციატივის შესამუშავებლად. ის იმედოვნებს, რომ ქვეყანა "ყველაზე დემოკრატიულ და სახალხო საარჩევნო სისტემაზე გადასვლას" 2020 წლიდან შეძლებს.

ბოლო დღეების მოვლენები მოკლედ

ამჟამად პარლამენტის შენობა ბლოკირებული აღარ არის. აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ არ შეუშვებდნენ არც ერთ დეპუტატს. შესასვლელებში გაშლილი იყო კარვები და დააწყეს ტომრები, ევროპულმა საქართველომ ყველა შესასვლელ ჭიშკარს სიმბოლურად ბოქლომი დაადო.

ასევე, პიკეტი მოხსნეს პარლამენტის შესასვლელებს. აქციის დაშლისას მინიმუმ 37 ადამიანი დააკავეს. ამ ოპერაციის შემდეგ დეპუტატები პარლამენტში შევიდნენ და ბიუროს სხდომა გამართეს.

აქცია თბილისის ქუჩებში მას შემდეგ იმართება, რაც ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შესრულდა. მმართველმა პარტიამ ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლითაც ქვეყანაში 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. მმართველი პარტიის ამ გადაწყვეტილებამ ოპოზიციური პარტიები საერთო მოთხოვნის ირგვლივ გააერთიანა. მოთხოვნას იზიარებენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და მოძრაობა ქვეყნის სამსახურში.