18 ნოემბრის აქციისას დაკავებულთა სასამართლოში გადაგზავნილ ოქმებს ხელს აწერს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, მიხეილ დაუშვილი. ოქმის ამობეჭდვის დღედ 19 ნოემბერია მითითებული, რა დროსაც დაუშვილი უკვე ბიზნესომბუდსმენის თანამდებობაზე მუშაობდა.

იურისტი გიორგი მშვენიერაძე, რომელიც თავად იცავდა დაკავებულებს, ამბობს, რომ მან არ იცის მიზეზი, რის გამოც მტკიცებულებას ბიზნესომბუდსმენის ხელმოწერა აქვს.

"მოსამართლეს მინიმუმ უნდა ეთქვა, რომ მტკიცებულებებს საქმიდან ამოიღებდა. თითქმის ყველა საქმეში ხელს აწერს ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ბიზნესომბუდსმენად დანიშნული პირი", — ამბობს ის.

შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული პასუხით დასტურდება, რომ სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებას ბიზნესომბუდსმენად დანიშნული მიხეილ დაუშვილის ხელმოწერა ერთვის. უწყება ამას "კომპონენტის განახლებით" ხსნის.

"მიუხედავად იმისა, რომ დასახელებული დოკუმენტის ელექტრონული სისტემიდან გენერაცია განხორციელდა მითითებული დროის მონაკვეთამდე, მისი ავთენტურობა დადასტურებულია მასზე დატანილი დამცავი ელექტრონული შტრიხ-კოდით (შტამპით), რაც სრულად უზრუნველყოფს და შეესაბამება პროგრამულ-ტექნიკური ვერიფიცირების სტანდარტებს", — განმარტავს შსს.