"თემა დახურულია, 2020 წელს შენარჩუნდება შერეული საარჩევნო სისტემა", — განაცხადა ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პარტიის სხდომის შემდეგ. ამის მიზეზად მან ის დაასახელა, რომ "უმრავლესობაში არსებული განწყობების გათვალისწინებით" ახალი საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის 113 ხმის მობილიზების რესურსი არ არსებობს.

"აქედან გამომდინარე პოლიტიკურმა სპექტრმა მთელი თავისი ძალისხმევა არჩევნებისთვის მზადებასა და არჩევნების მაღალი დემოკრატიული სტანდარტის ჩატარებისკენ უნდა მიმართოს", — განაცხადა მან.

კალაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ პროპორციულის ჩაგდება მაჟორიტარი დეპუტატების "ბუნებრივ წინააღმდეგობასთან" ერთად "დესტრუქციული ოპოზიციის ქმედებებმაც" განაპირობა.

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების ე.წ. აჯანყებულმა დეპუტატებმა ჩააგდეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლითაც ქვეყანაში 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო, ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების საერთო პროტესტი დაიწყო. დაპირისპირებული ოპოზიციური ჯგუფები ერთი მოთხოვნის ირგვლივ გააერთიადნენ — ვადამდელი არჩევნების პროპორციული სისტემითა და ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარება.

პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანო, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა. აქციის დაშლის შემდეგ დააკავეს 37 აქტივისტი, მათ ნაწილს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.

ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტი ახალი ფორმა "მაინც დაგაბოქლომებთ" დაიწყეს. პროტესტის მონაწილეებმა სიმბოლურად უკვე "დააბოქლომეს" პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მთავრობის კანცელარია, პრეზიდენტის ადმინისტრაცია და მმართველი პარტიის დეპუტატების ოფისები და ოლქები.

შეგახსენებთ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პირობა ბიძინა ივანიშვილმა დადო, როდესაც 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო პროტესტი დაიწყო. პროპორციული სისტემა აქცია #სირცხვილიას მთავარი მოთხოვნა იყო.