ჟურნალისტი ზვიად ქორიძე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის კონსულტანტის თანამდებობას ტოვებს. თანამდებობის დატოვების გადაწყეტილება ქორიძემ მაუწყებლის დირექტორად გიორგი კოხრეიძის არჩევის შემდეგ მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

"2019 წლის პირველი იანვრიდან ვასრულებ მაუწყებლის კონსულტანტის ფუნქციებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში. გთხოვთ, ცალმხრივად შეწყვიტოთ ჩემსა და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს შორის გაფორმებული ხელშეკრულება", — ვკითხულობთ ზვიად ქორიძის განცხადების ტექსტიდან ამონარიდში.

ზვიად ქორიძე აჭარის მაუწყებლის კონსულტანტის თანამდებობაზე მაუწყებლის ყოფილი დირექტორის ნათია კაპანაძის მიწვევით მუშაობდა. ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ ხმათა უმრავლესობით დირექტორის თანამდებობიდან რვა თვის წინ გადააყენა. იმპიჩმენტის მიზეზად მრჩეველთა საბჭომ მნიშვნელოვანი პრიორიტეტების შეუსრულებლობა დაასახელა, კაპანაძე კი სარედაქციო პოლიტიკას უკავშირებდა. ამასთან, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ არხი მიუკერძოებლად და დაბალანსებულად პირველად სწორედ კაპანაძის მმართველობის პერიოდში შეფასდა.

იმპიჩმენტის შემდეგ აჭარის ტელევიზიამ დირექტორის არჩევა რვა თვის განმავლობაში ვერ შეძლო. გასულ კვირას კი ქართული ოცნების უმრავლესობით დაკომპლექტებულმა ახალმა მრჩეველთა საბჭომ მეოთხე მცდელობაზე დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩია. ახალი დირექტორის დანიშვნაში ჟურნალისტების ნაწილი სარედაქციო დამოუკიდებლობის საფრთხეს ხედავს. გიორგი კოხრეიძემ დანიშვნის დღესვე არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში სტუმრობისას განაცხდა, რომ არხს კრიტიკულ ტონს უწუნებდა.