პანკისის ხეობაში სოფელ საკობიანოში დაპირისპირებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაჭრილია. ინფორმაცია On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. მთავარ არხთან ინტერვიუში საავადმყოფოსთან შეკრებილი ადგილობრივები ამბობენ, რომ დაპირისპირება ჰესის საკითხზე მოხდა. სხვა დამატებით დეტალებზე ისინი არ საუბრობენ.

"ცეცხლსასროლი იარაღით დახვდნენ ბიჭებს და პირდაპირ გამიზნულად ესროლეს", — ამბობს გარდაცვლილის ნათესავი ტელეკომპანია მთავართან საუბარში.

ახმეტის მუნიციპალიტეტის, სოფელ საკობიანოში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.