2016 წელს კინოეკრანებზე გამოსულ ფილმ Silence-ის საკმაოდ წარმატებული ჩვენებების შემდეგ მარტინ სკორსეზე ახალი და კიდევ უფრო ხმაურიანი კინოსურათით დაბრუნდა — The Irishman.

აღსანიშნავია, რომ რეჟისორმა ფილმი ნეტფლიქსთან თანამშრომლობით შექმნა. ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ხმაური გამოიწვია სკორსეზეს განცხადებებმა, სადაც ის მარველის ფილმებს აკრიტიკებს. არადა, საავტორო კინოს მხარდამჭერები ხშირად მაღალბიუჯეტიან ბლოკბასტერებსაც ისევე აკრიტიკებენ, როგორც ნეტფლიქსს — ადამიანების ნაწილი ფიქრობს, რომ სერიალების სტრიმინგ პლატფორმები კინოს მომავალს საფრთხეს უქმნიან.

თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ რა დაჯდა ამ ფილმის გადაღება, მაშინ მარტივად გავიგებთ, თუ რატომ დაიჭირა საქმე სკორსეზემ ისეთ გიგანტ კომპანიასთან, როგორიც ნეტფლიქსია: ფილმის ბიუჯეტმა 160 მილიონი დოლარი შეადგინა. ამ მონაცემებით The Irishman მარტინ სკორსეზეს ყველაზე ძვირად ღირებული ფილმია.

ფილმის ბიუჯეტი თავიდან ამ მასშტაბის სულაც არ იყო, თუმცა გადაღებების პროცესში ხარჯებმა ერთბაშად მოიმატა: რეჟისორს სურდა, რომ მთავარი როლების შემსრულებლები — ალ პაჩინო, რობერტ დე ნირო და ჯო პეში თავიანთ რეალურ ასაკთან შედარებით ახალგაზრდულად წარმოეჩინა, ეს კი დიდ ფინანსურ ხარჯებთან იყო დაკავშირებული.

როგორც საავტორო კინოს შეშვენის, ფილმის პრემიერა ჯერ კინოთეატრებში შედგა, თუმცა შეზღუდული რაოდენობითა და ხანგრძლივობით, რის გამოც შემოსავლებმა არც ისე შთამბეჭდავ შედეგს მიაღწია: პირველი ნოემბრიდან 24 ნოემბრამდე საერთაშორისო მასშტაბით კინოთეატრებიდან მიღებულმა შემოსავლებმა მხოლოდ ხუთ მილიონ დოლარს მიაღწია. ეს ფაქტი, ალბათ, იმითაა განპირობებული, რომ კინოსეანსების რეკლამისთვის სათანადოდ არ გარჯილა დისტრიბუტორი კომპანია, რადგან ფილმს მალე ყველა იხილავდა ნეტფლიქსზე. და ასეც მოხდა — 27 ნოემბრიდან ნეტფლიქსის მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ შეაფასონ სკორსეზეს ახალი კინოსურათი.

ფოტო: Netflix

The Irishman მარტინ სკორსეზეს შემოქმედებაში არა მხოლოდ ყველაზე მაღალბიუჯეტიანი, არამედ ყველაზე ხანგრძლივი ფილმიცაა: მისი ქრონომეტრაჟი სამი საათი და 29 წუთია. ნეტფლიქსის მომხმარებლები მიჩვეულნი არიან მრავალეპიზოდიანი სერიალების ყურებას, შესაბამისად, სკორსეზეს ახალი ფილმიც ერთგვარი უწყვეტი სატელევიზიო შოუს სახით შეგიძლიათ ნახოთ.

ფილმის სიუჟეტი ერთი შეხედვით რეჟისორის შემოქმედებისთვის დამახასიათებელ, ნაცნობ თემებს ეხება: მაფია, განგსტერები, პოლიტიკა და კრიმინალური ქმედებები. კინოსურათი ჩარლზ ბრანტის ცნობილი წიგნს I Heard You Paint Houses-ს ეფუძნება, რომელიც რობერტ დე ნირომ წააკითხა მარტინ სკორსეზეს და ორივე აღფრთოვანდა მისით. წიგნის მიხედვით სცენარი კი ოსკაროსანმა სტივენ ზეილიანმა დაწერა, რომელიც ასევე ავტორია შინდლერის სიის სცენარისა.

The Irishman-მა გამოსვლისთანავე კრიტიკოსებისა და მაყურებლების დადებითი შეფასებები დაიმსახურა, რის გამოც ვარაუდობენ, რომელ 2020 წლის ოსკარების დაჯილდოებაზე სკორსეზეს ახალი ფილმი ერთ-ერთი ტრიუმფატორი გახდება.