დღეს, 29 ნოემბერს ქართული ოცნების დეპუტატები პარლამენტში დილით ადრე, პიკეტის დაწყებამდე შევიდნენ. პარლამენტის მიმდებარე ქუჩები პოლიციას რკინის ჯებირებით აღარ გადაუკეტავს.

ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ზურაბ მელიქიშვილმა აღნიშნა, რომ პიკეტმა შედეგი უკვე გამოიღო და ხელისუფლებამ დეპუტატები პარლამენტში დილის 7 საათზე შეიყვანა.

"ხელისუფლება მიხვდა გუშინ, რამხელა დანაშაული და რამხელა შეცდომა დაუშვა, როდესაც რკინის ფარდები აღმართა პარლამენტის ირგვლივ და ესე მოუწიათ დეპუტატების ძალით შეყვანა. დღეს მათ ტაქტიკა შეცვალეს და დილის 7 საათზე შეიყვანეს დეპუტატები. ჩვენთვის მთავარია დისკომფორტი შევუქმნათ დეპუტატებს და არა მოსახლეობას", — თქვა ზურაბ მელიქიშვილმა ტვ პირველთან საუბრისას.

პარლამენტში 12 საათზე პლენარული სხდომაა ჩანიშნული. გარეთ აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები არიან შეკრებილნი, ისინი ამბობენ, რომ პროტესტი გაგრძელდება ეცდებიან დეპუტატებს მუდმივად დისკომფორტი შეუქმნან. ამ წუთებში აქციის მონაწილეებმა ეროვნული ბიბლიოთეკის შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც, მათი ინფორმაციით თეა წულუკიანი იმყოფება.