იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში პოლიციელების კორდონის დახმარებით შევიდა ამბობს, რომ შენობაში შესვლა არ გასჭირვებია. მისი თქმით, გარეთ შეკრებილ აქციის მონაწილეებთან არაფერი აქვს სალაპარაკო.

"არ გამიჭირდა, მადლობა პოლიციელებს, რომლებიც სტვენიებს... არაფერი არ მაქვს მათთან სალაპარაკო. თემა დახურულია, მოემზადონ არჩევნებისთვის", — თქვა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში შესვლამდე თეა წულუკიანს აქციის მონაწილეები შეძახილებით და სტვენით შეხვდნენ.

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან საპროტესტო აქცია გრძელდება. ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა ბიბლიოთეკასთან მას შემდეგ გადმოინაცვლეს, რაც ცნობილი გახდა, რომ თეა წულუკიანი იქ შეხვედრაზე მიდიოდა. მათი თქმით, ყველგან და ყოველთვის შეუქმნიან დისკომფორტს ქართული ოცნების წევრებს. ბიბლიოთეკასთან პოლიციაა მობილიზებული.

ბოლო დღეების მოვლენები

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანოც, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ ორჯერ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.

აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტი ახალი ფორმა "მაინც დაგაბოქლომებთ" დაიწყეს. ისინი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებსა და ქართული ოცნების დეპუტატების ოფისებს ბოქლომებს ადებენ.

მას შემდეგ, რაც პარლამენტის პიკეტი მესამედ დაანონსდა, ხელისუფლებამ პარლამენტის მიმდებარე ქუჩები რკინის კონსტრუქციებით ჩაკეტა. კონსტრუქციები ხელს უშლიდა მოქალაქეებს გადაადგილებაში. პოლიციამ გზები აქციის დაშლის შედეგ გაათავისუფლა.