ქართული ოცნების ოფისთან დაპირისპირების პარალელურად, ორბელიანის მოედანზე პარტიის ორგანიზებული კონცერტი იმართება. იქ ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთა საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას ზეიმობს.

პარტიის მხარდამჭერების ნაწილმა კონცერტი დატოვა და გადმოინაცვლეს ოფისთან, სადაც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და ფიზიკურად უსწორდებიან სამოქალაქო აქტივისტებს. აქტივისიტები ამბობენ, რომ აგრესიული პირები მათ ესვრიან შუშხუნებს, რომელიც ერთ-ერთ აქტივისტს თვალში მოხვდა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. პოლიციას აგრესიული პირები ტერიტორიიდან გაჰყავს, თუმცა ჯერ არავინ დაუკავებია. აქტივისტები მოუწოდებენ პოლიციას, რომ დააკავონ ეს პირები.

თვალი ადევნეთ On.ge-ს ლაივს აქციიდან.

ქართული ოცნების ოფისთან შეკრებილ მოძრაობა #სირცხვილიას, #გაბედეს და #შეცვალეს აქტივისტებს მმართველი გუნდის ახალგაზრდული ფრთის წევრები და მათი მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. როგორც On.ge-ს ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, აგრესიული პირები ხალხში შევარდნას ცდილობენ იძახიან უცენზურო სიტყვებს და მათ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ. ისინი აგრესიულად არიან განწყობილი ჟურნალისტების მიმართაც.

ოცნების ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთი წევრი ჟურნალისტებთან აცხადებდა, რომ ისინი ძალადობის წინააღმდეგი არიან, თუმცა რამდენიმე წუთში მათმა მხარდამჭერებმა გინება და ჩხუბი დაიწყეს. ეს მან "ბუნებრივი აგრესიით" განმარტა, რომელიც მისი თქმით, ახალგაზრდებს ნაციონალური მოძრაობის ძალადობრივი რეჟიმის მიმართ აქვთ.

გარდა ამისა, ისინი ამბობდნენ, რომ ორბელიანის მოედანზე აპირებდნენ გადასვლას, სადაც პარტიის ახალგაზრდული ფრთა ღონისძიებას მართავს, თუმცა ამ დრომდე ოცნების ოფისის წინ რჩებიან. დაპირისპირება გრძელდება.

აქცია რამდენს ბედავთ ოცნების ოფისთან მცხეთაში მომხდარი მოვლენების გასაპროტესტებლად დაიგეგმა, სადაც მოძრაობა გაბედეს აქტივისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ ოცნების წევრები და მხარდამჭერები. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთ წაქცეულ აქტივისტს სახეში ურტყამენ ფეხს. ორი დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბოლო დღეების მოვლენები

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანოც, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ ორჯერ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.

აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტი ახალი ფორმა "მაინც დაგაბოქლომებთ" დაიწყეს. ისინი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებსა და ქართული ოცნების დეპუტატების ოფისებს ბოქლომებს ადებენ.

მას შემდეგ, რაც პარლამენტის პიკეტი მესამედ დაანონსდა, ხელისუფლებამ პარლამენტის მიმდებარე ქუჩები რკინის კონსტრუქციებით ჩაკეტა. კონსტრუქციები ხელს უშლიდა მოქალაქეებს გადაადგილებაში. პოლიციამ გზები აქციის დაშლის შედეგ გაათავისუფლა.