აჭარის ტელევიზიის ახალადარჩეულ დირექტორი, გიორგი კოხრეიძე ამბობს, რომ მას მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, თეონა ბაკურიძე მას ამერიკაში თავსესაფრის მიღების სურვილით აკრიტიკებს. ორივე მათგანი ამბობს, რომ მსგავსი საუბარი თანამშრომლების თანდასწრებით რამდენიმე დღის წინ, ახალი ამბების ჯგუფთან შეხვედრის დროს იყო.

ბაკურიძე ამავე არხის გადაცემა ჰეშთეგთან საუბრისას ამბობს, რომ შეხვედრაზე კოხრეიძის მიზანი საინფორმაციო სამსახურის დისკრედიტაცია იყო. როგორც ბაკურიძემ თქვა, დირექტორმა მას უთხრა, რომ მასთან ინტერვიუს ჩაწერის დროს ჟურნალისტი "გაორებული" იყო.

"შეხვედრის დასაწყისში მითხრა, რომ ჩემზე ძალიან ცუდი ჭორი გაიგო. მე ვუთხარი მითხარი, რა გაიგეთ-მეთქი და მერე ცალკე გეტყვიო. როგორ ჩანს, ამ შეხვედრის დროს ცოტა გაბრაზდა და ცალკე თქმა გადაიფიქრა. ყველასთან ერთად ხმამაღლა თქვა, რომ ჭორი გაიგო, მე თურმე ამ ყველაფერს იმიტომ ვაკეთებ, რომ ამერიკაში თავშესაფარი მივიღო. ნიუსრუმის პასუხი, რა თქმა უნდა, იყო მარტივი — სიცილი", — განაცხადა ბაკურიძემ.

ბაკურიძის თქმით, კოხრეიძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროსაც თქვა, რომ ტელევიზიაში "ყველგან ყური აქვს და ყველაფერი იცის."

კოხრეიძე On.ge-სთან საუბრისას ადასტურებს, რომ თავშესაფრის მიღებაზე თეონა ბაკურიძეს მართლაც ესაუბრა, თუმცა თავს იმით იმართლებს, რომ ეს სხვების ნათქვამზე დაყრდნობით თქვა.

"აბსოლუტურად სხვანაირად იყო ყველაფერი და ყველაფრის განსხვავებულად ინტერპრეტირება ხდება. ამიტომ გადავწყვიტე, რომ საერთოდ არაფერი აღარ ვილაპარაკო. ველაპარაკები მხოლოდ და მხოლოდ თანამშრომლებს და ვმოქმედებ კანონის მიხედვით. მე კი არ მიფიქრია, მე, უბრალოდ, ვუთხარი, რომ ადამიანებმა მითხრეს, რომ მას ამერიკაში თავშესაფრის მიღება სურს. კიდევ ბევრ რაღაცებს რომ მაბრალებენ, არც ის გამიკეთებია", — ამბობს გიორგი კოხრეიძე.

ოცნების უმრავლესობით დაკომპლექტებულმა მრჩეველთა საბჭომ დირექტორად გიორგი კოხრეიძე ნოემბერში აირჩია. ახალი დირექტორის დანიშვნაში ჟურნალისტების ნაწილი სარედაქციო დამოუკიდებლობის საფრთხეს ხედავს. გიორგი კოხრეიძემ დანიშვნის დღესვე არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში სტუმრობისას განაცხდა, რომ არხს კრიტიკულ ტონს უწუნებდა.