30-მდე ოპოზიციურმა პარტიამ საარჩევნო სისტემის კანონპროექტი პარლამენტში დაარეგისტრირა. როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, დარეგისტრირებული კანონპროექტი ე.წ. გერმანულ მოდელს გულისხმობს.

კანონპროექტი განსახილველად ჯერ იურიდიულ კომიტეტს გადაეგზავნება, რომელიც დოკუმენტური შესწავლის შემდეგ მას ბიუროზე შეიტანს. ბიუროზე რეგისტრირების შემდეგ კი სახალხო დამცველს ექნება უფლება, რომ კანონპროექტი განსახილველად ეუთო/ოდირს გაუგზავნოს.

როგორც ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერმა სერგი კაპანაძემ კანონპროექტის დარეგისტრირებისას განაცხადა, ბურთი ქართული ოცნების მოედანზეა და თუ მათ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის მოძებნა სურთ, ეს გამოსავალი გერმანული მოდელია.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ მმართველ პარტიას საარჩევნო სისტემის გერმანული მოდელზე გადასვლა მას შემდეგ შესთავაზა, რაც ბიძინა ივანიშვილმა პირობა არ შეასრულა და 2020 წლისათვის სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ქართული ოცნების დეპუტატთა ნაწილმა მხარი არ დაუჭირა. როგორც ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, გერმანული მოდელის შემოღება საკონსტიტუციო ცვლილებებს არ საჭიროებს. მმართველი გუნდი კი ამტკიცებს, რომ გერმანული მოდელი კონსტიტუციას არ შეესაბამება.