მოძრაობა ქვეყნის სამსახურში ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ გმობს ყოველგვარ ერთი-ერთზე ფორმატს ოკუპანტ ქვეყანასთან და მათთვის არსებობს წითელი ხაზები, რომელთა გადაკვეთასაც არ მიიღებენ. აქტივისტების თქმით, მიესალმებიან ოპოზიციის მრავალფეროვნებას, მაგრამ იტოვებენ უფლებას, რომ ამ მიმართულებით იყვნენ ხისტები და კრიტიკულები როგორც კონკრეტული პოლიტიკოსების, ასევე, მათთან ერთობაში მყოფი სხვა ძალების მიმართ.

"ჩვენთვის, როგორც ანტისაოკუპაციო მოძრაობისთვის, ასეთი წითელი ხაზი ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლებასთან კოლაბორაციაა.

ჩვენ ვგმობთ ყოველგვარ ერთი-ერთზე ფორმატს რუსეთთან, იმის მიუხედავად, ხელისუფლება იქნება მისი მონაწილე, თუ რომელიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი. ოკუპანტ ქვეყანასთან საუბარი უნდა ხდებოდეს მხოლოდ ჩვენი დასავლელი პარტნიორების ჩართულობითა და მედიაციით", — აცხადებენ აქტივისტები.

მათივე თქმით, კონფიდენციალური მოლაპარაკებები ოკუპანტ ქვეყანასთან ზიანს აყენებს პროპორციული არჩევნების მოთხოვნის გარშემო გაერთიანებული საზოგადოებისა და პოლიტიკური ძალების საერთო მიზანს და ემსახურება ბიძინა ივანიშვილისა და რუსეთის ინტერესს, ბზარი შეიტანოს სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის ერთიანობაში.

ბურჯანაძე მოსკოვში 3 დეკემბერს გაფრინდა. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პოლიტიკოსი შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართავს. მათივე ცნობით, ის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე სასაუბროდ და ვაჟა გაფრინდაშვილის საქმის განსახილველად ჩავიდა, როგორც პარტიაში ამბობენ ვიზიტი თვენახევრის წინ დაიგეგმა და ამაზე გაერთიანებული ოპოზიცია ინფორმირებული იყო.

ოპოზიციის დროებით გაერთიანებაში ამას ადასტურებენ და ამბობენ, რომ სხვადასხვა იდეოლოგიის პარტიები მხოლოდ ერთი მიზნის, პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის იბრძვიან. განსხვავებული პოზიცია ჰქონდა თაკო ჩარკვიანს, რომელმაც ამ მიზეზით გაერთიანება დატოვა.