ოპოზიციის დროებითი გაერთიანების ლიდერები მხარდამჭერებთან ერთად ქუთაისში საპროტესტო აქცია-მსვლელობას მართავენ. "ერთად ერთის წინააღმდეგ" — ამ ბანერით მათ მსვლელობა კიკვიძის ბაღიდან დაიწყეს და აღმაშენებლის ქუჩაზე, მერიასთან გადაინაცვლეს, სადაც აქცია მოწოდებების ფონზე გრძელდება.

პარალელურად, ქართული ოცნების მხარდამჭერები მცირე კონტრაქციებს მართავდნენ. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც აგრესიული პირები, რომლებსაც სახე ჰქონდათ დაფარული ოპოზიციის აქტივისტებთან დაპირისპირებას ცდილობდნენ და მათ სხვადასხვა ნივთებს ესროდნენ. გარდა ამისა, უცხო პირებმა სახურავებიდან აქციის მონაწილეებს კვერცხები ესროლეს.

აქციის მონაწილეებმა ჩაიარეს ქართული ოცნების ოფისთანაც, სადაც რამდენიმე ათეული კაცი იყო შეკრებილი. ფორმულას ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ იმყოფებოდნენ ოფისის შესასვლელთან, მათ უპასუხეს: "ვცხოვრობთ აქ გენაცვალე. [პარტია] ოჯახია ჩვენი". ისინი ჟურნალისტს ოფისში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ და აცხადებდნენ, რომ მიზეზი "დახურული სხდომაა".

"ერთი გასვენება კაცია ზუსტად", — ამბობდნენ მმართველი გუნდის მხარდამჭერები ოპოზიციის აქციაზე და მათ დამცინავად მოიხსენიებდნენ. ოფისთან მსვლელობა ცოტა ხნით გაჩერდა და აქციის მონაწილეებმა საქართველოს ჰიმნი ჩართეს. ადგილზე დაპირისპირება არ მომხდარა და ოპოზიციამ მერიისკენ განაგრძო მსვლელობა.

ამ წუთებში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები ადგილობრივებს მიმართავენ და მოუწოდებენ მათ ერთად გამოხატონ პროტესტი მიმდინარე მოვლენების გამო. ისინი აცხადებენ, რომ პროტესტი გაგრძელდება და სხვადასხვა რეგიონებშიც გაიმართება მასშტაბური აქციები.

ბოლო დღეების მოვლენები

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება. ოპოზიციური პარტიები გაერთიანდნენ და შექმნეს ახალი პლატფორმა "ერთად ერთის წინაამდმდეგ", რომლის მიზანიც გერმანული საარჩევნო მოდელის მოთხოვნაა.

აქტივისტებისა და პარტიის მხარდამჭერების საერთო პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანო, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ ორჯერ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.

აქციის დაშლის შემდეგ სრულად ოპოზიციურმა სპექტრმა და სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტი ახალი ფორმა "მაინც დაგაბოქლომებთ" დაიწყეს. ისინი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებსა და ქართული ოცნების დეპუტატების ოფისებს ბოქლომებს ადებენ.

მას შემდეგ, რაც პარლამენტის პიკეტი მესამედ დაანონსდა, ხელისუფლებამ პარლამენტის მიმდებარე ქუჩები რკინის კონსტრუქციებით ჩაკეტა. კონსტრუქციები ხელს უშლიდა მოქალაქეებს გადაადგილებაში. პოლიციამ გზები აქციის დაშლის შედეგ გაათავისუფლა.

აქციებმა მაჟორიტარი დეპუტატებისა და ოცნების ოფისთან გადაინაცვლა, სადაც აქტივისტებს მმართველი გუნდის მხარდამჭერები ხვდებოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. გარდა ამისა, განახლდა საპროტესტო მოძრაობა "არა ნაცებს" და გაიმართა აქციები სახელად "დემიშიზაცია", რომელთა წევრები ნაციონალური მოძრაობის ოფისებს კვერცხებს და ცოცხებს ესროდნენ, მხარდამჭერებსა და აქტივისტებს კი ფიზიკურად უსწორდებოდნენ.